ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
„ტრადიციად იქცა ვარძიის კონფერენციაში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობა. წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მოხსენებაც არის პროგრამაში. რაც მთავარია, ამ კონფერენციის მიზანია ქართველი ახალგაზრდა არქეოლოგების კვალიფიციური და სწრაფი ინტეგრაცია ევროპის სამეცნიერო სივრცეში“, - განაცხადა თსუ პროფესორმა, კონფერენციის ორგანიზატორმა, ვახტანგ ლიჩელმა.
ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. თსუ-ის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად მასში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ოქსფორდის, ინსბრუკის, ედინბურგის, მასარიკის, ჩიკაგოს, მარტინ ლუთერის სახელობის ჰალეს და ბოხუმის რურის უნივერსიტეტების, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და გერმანიის სამთო მუზეუმის ახალგაზრდა არქეოლოგები და მეცნიერები მონაწილეობდნენ.
„ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კვლევების შესახებ ისაუბრონ, უპასუხონ კითხვებს. ეს პროცესი ძალიან კარგი გამოვიდა. წელს ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული ონლაინდისკუსიაც, რაც ძალიან სასარგებლოა. კონფერენციაზე მაღალი სტანდარტებია დაწესებული როგორც ქართველი, ისე ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. რაც მთავარია, წლების განმავლობაში შედეგები უმჯობესდება“, - აღნიშნა ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა, მაიკლ ვიკერსმა.
მათივე ცნობით, კონფერენციამ საფუძველი დაუდო არაერთ საერთაშორისო არქეოლოგიურ პროექტს. აღსანიშნავია თსუ-სა და ვენეციის კა ფოსკარის არქეოლოგიური დაზვერვები ჭიქიანის მთაზე; თსუ-სა და ინსბრუკის უნივერსიტეტის არქეოლოგიური გათხრები ხოვლეგორის არქეოლოგიურ ძეგლზე; თსუ-სა და იენის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია ლესალეში; კონფერენციის ყოველწლიური ხასიათი მისი ცნობადობის გაზრდის საწინდარია.
„ვარძიის კონფერენციამ საშუალება მომცა დამემყარებინა სამეცნიერო კავშირები უცხოელ არქეოლოგებთან, ჩავრთულიყავი სხვადასხვა საერთაშორისო ექსპედიციაში. ამ კონფერენციამ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა არქეოლოგების რამდენიმე თაობა აღზარდა, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ ექსპედიციებში, საკუთარ კვლევებს და სიახლეებს უზიარებენ ერთმანეთს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია არქეოლოგიის განვითარებისთვის“, - განაცხადა თსუ დოქტორანტმა, თორნიკე ჩილინგარაშვილმა.
უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტის, ალექსანდრ ნიმეცმის თქმით, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მისთვის „ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა“.
„პირველად ვესწრები ახალგაზრდა არქეოლოგების კონფერენციას. ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ძალიან სასარგებლო იყო მასში მონაწილეობა; წარმოვადგინე პრეზენტაცია და მივიღე მნიშვნელოვანი უკუკავშირი სხვადასხვა ექსპერტისა და სტუდენტისგან. ამავე დროს, მქონდა შესაძლებლობა მიმეღო ინფორმაცია სხვა სტუდენტების საქმიანობის შესახებ. იდეების გაცვლა არის ძალიან სასარგებლო“,- აღნიშნა უფსალას უნივერსიტეტის სტუდენტმა ალექსანდრ ნიმეცმა.
თსუ-ს ინფორმაციით, ვარძიის კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ემყარება ახალგაზრდა მონაწილეთა ინდივიდუალურ, გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევებს ნეოლითიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. განიხილება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები.
მოხსენებებს აფასებენ მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრები: თსუ-ს, ოქსფორდის, იენის, ინსბრუკის, ედინბურგისა და ვენეციის უნივერსიტეტების პროფესორები. ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართა დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ, დაისახა სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის გზები.