ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების პირველი რეგიონული სიმპოზიუმი იმართება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID-ის პროექტი Zrda სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს მასპინძლობს.
სიმპოზიუმის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა და პრიორიტეტების დადგენაა, რაც რეგიონის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
შეხვედრა სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ 10:00 საათზე დაიწყო. დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეები სამცხე–ჯავახეთის ტურიზმის განვითარებაზე 16:30 საათამდე იმსჯელებენ.
USAID-ის პროექტმა Zrda, საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფი დააფუძნა, რომლის მიზანიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.
მოდელი ყურადღებას ამახვილებს აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კუტურულ ტურიზმზე, პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, პროექტმა რუმინეთის არაკომერციულ ორგანიზაციასთან, სიბიუს ოლქის ტურიზმის ასოციაციასთან (SCTA) იმუშავა.
Zrda-მ უკვე დაიწყო საოჯახო სასტუმროების პოტენციალისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე ზრუნვა და დახმარება გაუწია სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოსა და პანკისის 233 მცირე და საშუალო ზომის საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს გაევლოთ AHLEI-ს (ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების საგანმანათლებლო ინსტიტუტი) სასერტიფიკატო ტრენინგები სასტუმროს მართვის საკითხებში. მათ პროექტის ფარგლებში ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები ციფრული მარკეტინგის საკითებში, რაც, თავის მხრივ, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს, ხელს შეუწყობს, გახდნენ საყოველთაოდ ცნობილი საერთაშორისო ელექტრონული დაჯავშნის პორტალების წევრები.