ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარე მიხეილ მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა შესაბამისი ბრძანება ნიკოლოზ ანთიძემ 2017 წლის 1 მაისს დაწერა.
სახლი სოფელ საროში მდებარეობს. აშენებულია მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა ხის ძელებისაა, რომლებიც ხისავე სვეტებს ეყრდნობა. უკანა მხარე მიწაშია ჩასმული. შედგება კარაპანის, დერეფნის, ახორის, საბძელის, დარბაზის და საკუჭნაოსაგან. კარაპანი ხის სვეტებსა და გადახურვაზე დაყრდნობილი ღია დერეფანია, რომელიც სახლს წინიდან აქვს მიდგმული. აქედან ხვდებოდნენ დერეფანში, რომლიდანაც გასასვლელია ახორში. ახორის იატაკის შუაში ქვაფენილის სანარწყალის ადგილია დატოვებული. მის თავზე კი ხის გადახურვაში ერდოა გაჭრილი. ახორის მარჯვნივ პატარა საბძელია გამართული. ახორიდან დარბაზშია გასასვლელი. დარბაზი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი, მარჯვენა მხარეს საკუჭნაოა გაკეთებული. დარბაზის ცენტრალურ ნაწილს რვაკუთხოვანი გვირგვინოვანი გადახურვა აქვს, რომელიც ამდენივე სვეტს ეყრდნობა. სვეტები ვოლუტისებური კაპიტელებით სრულდება. დარბაზის უკანა კედელში ნალისებურთაღიანი ბუხარია გაკეთებული, რომლის ორივე მხარეს თითო ხის სვეტია აზიდული. ბუხრის წინ ქვის ბაქანია მოწყობილი. ასეთივე ბაქანია გამართული ბუხრის მარცხნივ, კუთხეში. დარბაზის მარჯვენა მხარეს, საკუჭნაოს ერთი ნაწილი ფურნეს უკავია. თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - საცეცხლე-სანაცრესგან და საცხობი ნაწილისგან. დარბაზისთვის მოგვიანებით მარჯვნიდან მოუდგამთ ოდა, რომელიც ახლა დანგრეულია.
დარბაზს 1918-20 წლებში თურქთა ერთ-ერთი შემოსევისას ცეცხლი წაუკიდეს და ნაწილობრივ დაწვეს. დარბაზი საცხოვრებლად 2003 წლამდე გამოიყენებოდა.