,,TV პირველს ვერ წაიღებთ! " - ვატო წერეთელი
TV პირველის მფლობელი და დირექტორი, ვატო წერეთელი შანტაჟად აღიქვამს მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებას.
"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით, TV პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება", — წერს ფეისბუქზე ვატო წერეთელი.
პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ავთანდილ წერეთელი დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს. მოგვიანებით კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ.
on.ge - ს ინფორმაციით, TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.
28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გაასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.
ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, 24 ივლისს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძე ბრალი წაუყენა და სასამართლოს მათთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მათ 700-700 ათასი შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აუკრძალა.