გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა - განცხადება ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, გიორგი გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
,,კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას განცხადებით, ზიანი, რომელიც შესაძლოა "მთავარი არხის" რომელიმე თანამშრომელს მიადგდეს, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.
,,ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვალსთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ რუსთავში ორში, პროგრამა პოსტკრიპტუმში, პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი"- ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია თბილისში, პარასკევს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარდა. "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სუს-მა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი აიყვანა. აჰმედის სახელით ცნობილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი აღმოჩნდა, რომელიც თბილისში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული.
პარლამენტის თავმჯდომარისარჩილ თალაკვაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით - იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.