მედია
რეგიონული მაუწყებლები ფინანსური პრობლემების გამო იხურებიან
საქართველოში რეგიონული მედიების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე თვეში სამი მაუწყებელი დადგა დახურვის აუცილებლობის და დაფინანსების ახალი წყაროების მოძიების წინაშე. ქუთაისში, ტელე-რადიო კომპანია "რიონმა" მაუწყებლობის გადასარჩენად შემოწირულებების შეგროვება დაიწყო.
,,ძვირფასო მეგობრებო, ტელე-რადიო კომპანია "რიონის" გულშემატკივრებო, მოგმართავთ თხოვნით - ერთად გადავარჩინოთ პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც ახლახან 35 წლის გახდა. ჩარიცხეთ თანხა, შესაძლებლობის ფარგლებში ან გაუკეთეთ რეკლამა საკუთარ საქმიანობას" - წერს ტელეკომპანიის დამფუძნებელი თამარ ღვინიანიძე.
მანამდე, საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია "TV4" -მა და ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი"-მა გაავრცელეს.
"12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა ,,ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს. განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც" - ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონული მედიების თქმით, მათი პრობლემები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პარლამენტმა უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო.
Տարածեք :