„ჟურნალისტებისთვის დისკრიმინაციული გარემო შეიქმნება“ - როგორ იმუშავებს მედია საარჩევნოდ
დაახლოებით ერთ თვეში, ქვეყანაში წინა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. ბერვად ადრე, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებსაც მოუწევთ, მიიღონ გადაწყვეტილება, დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ „რუსულ კანონს“ და „აგენტებად“ დარეგისტრირდნენ, თუ უარი თქვან რეგისტრაციაზე და კიდევ უფრო რთულ პირობებში გააგრძელონ მუშაობა, ვიდრე აქამდე.
კანონის ამოქმედებამდე, სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მედიაორგანიზაციებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან. ისინი თანხმდებიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების დღეს გააშუქებენ.
უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდება და შესაბამისად რთულ სამუშაო გარემოზე საუბრობს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი რიმა ღარიბიანი.
„სექტემბრის შემდეგ როგორ იქნება ყველაფერი ვერ გეტყვით, შეიძლება არჩევნებამდეც დავჯარიმდეთ დაურეგისტრირებლობის გამო და არც ამ ჯარიმის გადასახდელი ფული გვაქვს. შეიძლება რთულ ფინანსურ პერიოდში მოგვიწიოს მუშაობა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და გაჩერებას ან დახურვას არ ვაპირებთ“- გვეუბნება რიმა ღარიბიანი.
ღარიბიანი არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო პროცესების გაშუქების ხელის შეშლის მიზნით, ცესკომ მედიაორგანიზაციებს აკრედიტაცია არ მისცეს - „ჩვენ ფაქტობრივად ვერთვებით ომში და ვშიშობ, რომ დაბრკოლებებიც ბევრი იქნება, მაგალითად აკრედიტაციებზე, იმიტომ რომ არჩევნების გასაშუქებლად აუცილებელია აკრედიტაციის გავლა, სხვა შემთხვევაში ვერ გავაშუქებთ, ეს არც ჩვენთვის და არც ხელისუფლებისთვის კარგი არ იქნება“.
საარჩევნო პროცესში, მედიის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციული გარემოს შექმნაზე საუბრობს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი მაია იველაშვილი. მისი თქმით, ე.წ „რუსული კანონის“ გამო, ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა, პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა უფრო გამძაფრდება, ვიდრე აქამდე იყო.
„ვფიქრობ, რომ საარჩევნო პერიოდში, სამართლებრივ საკითხებზე მეტად, ჟურნალისტების სტიგმატიზება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სექტემბრის დასაწყისიდან ორგანიზაციებს მოუწევთ რეგისტრაცია, ვინც უარს განაცხადებს, მათ მიმართ სავარაუდოდ გაიზრდება ის შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც როგორც მინიმუმ ,,სატელეფონო ზარების" დროს ვიხილეთ. შესაბამისად, ყველა ის ორგანიზაცია, ვინც კანონს არ დაემორჩილება, ადამიანურად უფრო დიდი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება“ - გვეუბნება მაია იველაშვილი.
ე.წ „რუსულმა კანონმა“ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე მედიის მდგომარეობა გააუარესა და კიდევ მეტი სირთულეებია მოსალოდნელი, მიაჩნიათ ტელეკომპანია ,,ბორჯომში". დირექტორი ეკა ნოზაძე მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ კანონის გავლენა აისახება, არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე.
„ეს არ არის მხოლოდ მედიის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოწვევა. რეესტრში რეგისტრაცია ამ ეტაპზე, პირდაპირ ეხება დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო სექტორს, მაგრამ, საბოლოოდ აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე. ადამიანები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას, ვეღარ მიიღებენ უამრავ სერვისს, რომელსაც ახლა მედია თუ არასამთავრობო სექტორი სთავაზობს და რაც ყველაზე მთავარია ვეღარ მიიღებენ ობიექტურ, დაბალანსებულ ინფორმაციას“ - აღნიშნავს ეკა ნოზაძე და ამატებს, რომ ჯერ არ იცის რა სტატუსით და როგორ შეძლებს საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას, თუმცა სხვა მედიის წარმომადგენლების მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ გარემო უსაფრთხო არ იქნება.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
საქართველოში ე.წ „რუსული კანონის“ მიღებას დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ევროკავშირმა თავდაცვის სამინისტროს 30 მილიონი ევრო უკვე გაუყინა, შეზღუდა ხელისუფლების პირებთან კონტაქტი. აშშ-მ კი სანქციები აამოქმედა და სამხედროების სწავლების პროგრამა შეაჩერა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან ერთად, საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნატოს კარიც დაიხურა.