როდის აიტვირთება საჯარო ვებგვერდზე რეგისტრირებულ ორგანიზაციათა მონაცემები
"რუსული კანონის" რეესტრში საკუთარი ნებით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა - ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის "იმედის" ეთერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა, თუმცა საჯარო რეესტრის ფილიალებში რეგისტრაციის მსურველთა დიდი რიგი იყო და შესაბამისად, მონაცემი უნდა განახლებულიყო. "დიდი რიგის" ამოწურვის შემდეგ რვა ორგანიზაციამ გამოთქვა რეგისტრაციის სურვილი.
როდის გახდება 476 ორგანიზაციის ჩამონათვალი საჯარო - რეესტრში განმარტავენ, რომ ჯერ უწყებამ თითოეული ორგანიზაცია უნდა შეამოწმოს, რეალურად შეესაბამებიან თუ არა რეესტრის კრიტერიუმებს და მხოლოდ ამის შემდეგ აიტვირთება მათი მონაცემები საჯაროდ ვებგვერდზე.
ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავს. გასულ კვირას განმწესრიგებელი სასამართლო სხდომები გაიმართა, სადაც რვა მოსამართლე ისმენდა მოსარჩელე მხარეთა არგუმენტებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი „რუსული კანონის“ შეჩერება მანამდე, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობამდე.
აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიმდინარე დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო სარჩელებს და დაიწყებს თუ არა მათ არსებით განხილვებს.
ქვეყანაში მომუშავე ორგანიზაციების უმრავლესობა დაუმორჩილებლობას უცხადებს „რუსულ კანონს“. დაახლოებით 30 000 ორგანიზაციიდან, "აგენტების რეესტრში", 2 სექტემბრის მონაცემებით, მხოლოდ 476 მათგანი დარეგისტრირდა.