"ხანგრძლივად სტრესული და დაძაბული" - მაია იველაშვილი 2024 წელს აფასებს
ასე ხანგრძლივად სტრესული და დაძაბული წელი როგორიც მედიისთვის იყო, არ მახსენდება - ასე აფასებს "მეცხრე არხის" ხელმძღვანელი 2024 წელს.
ისევე, როგორც სხვა მედიებისთვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მიმდინარე წელი დაძაბული იყო "მეცხრე არხისთვისაც". მაია იველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიღებულმა კანონებმა არამხოლოდ მედიისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მომავალიც ბუნდოვანი გახადა. ამ ყველაფერს კი დაემატა ჟურნალისტების მისამართით განხორციელებული მუქარები, შეურაცხმყოფელი ზარები, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.
"2024 რთული წელი იყო ყველა მიმართულებით. სამწუხაროდ დავკარგეთ ბევრი კარგი ადამიანი. რაც შეეხება პროფესიას ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მაინც პროფესიის დისკრედიტაციაა. ორ ბანაკად დაყოფილი ადამიანები, დღეს სხვადასხვა მიზეზით მზად არიან ჟურნალისტებს მიაყენონ შეურაცხყოფა, მეტი დამაჯერებლობისთვის იძალადონ კიდეც მათზე, მაშინ როდესაც გაჭირვების შემთხვევაში, ყველა უწყებას მოივლიან სიმართლის ძებნაში და რომ ვერსად ნახავენ, ისევ ჟურნალისტებთან მიდიან დახმარების სათხოვნელად" - ამბობს მაია იველაშვილი.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაია იველაშვილი მომავალი წლის გეგმებზე კონკრეტულად ვერ საუბრობს, თუმცა იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ექნება.
"2025 წელს, ჩემი სურვილი იქნება საქართველო აღარ იყოს ორად გაყოფილი, ადამიანები ერთმანეთზე კი არ ძალადობდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ განსხვავებული აზრისთვის, არამედ შეეძლოთ განსხვავებული აზრისა და პროფესიის პატივისცემა. ეს იქნება ჩემთვის პირველ რიგში ევროპაში შესვლა და ჩვენი ევროპული მომავალი"- გვეუბნება "მეცხრე არხის" ხელმძღვანელი.