პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ - საფრანგეთის ელჩი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი საქართველოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" განცხადებას აზიარებს.
,,პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ხერხემალი საქართველოში და ყველგან. მედიის პროფესიონალები უნდა იყვნენ დაცულები და არ უნდა იყვნენ დევნის სამიზნეები", - წერს ელჩი X-ზე.
დღესვე, ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმა დაგმო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორანიზაცია წერს, რომ “სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა“.
მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.