მზია ამაღლობელი მეოცე დღეა შიმშილობს
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა.
„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს ხდება“, - განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.
ამასთან, „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა.
„შიმშილობა არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქრონიკული, თანმხლები დაავადებები აქვს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროცესები გართულდეს, განვითარდეს იშემიური მოვლენები, რასაც თან დაერთვება პოლიორგანული უკმარისობა. მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა, მითუმეტეს თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, რასაკვირველია, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა პაჭკორიამ.
კიდევ ერთი ექიმის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მზია ამაღლობელს თავბრუსხვევები, რამდენი დაიკლო წონაში და ა.შ.
„ვიცით, რომ საკვებს არ იღებს, მაგრამ იღებს თუ არა დანამატებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადადის. მაშინ რა სითხეს იღებს, რა რაოდენობით. უმნიშვნელოვანესია პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაიკლო წონაში და რამდენია მისი წონა. თავბრუსხვევები დაეწყო თუ არა, ყლაპვა, პულსაცია როგორია და ა.შ. 2 კვირის მერე, ეს ყველაფერი ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.