"ქართული ოცნება" მედიის წინააღმდეგ ახალ კანონს აანონსებს
„ქართული ოცნება“ ამჯერად მედიის წინააღმდეგ აანონსებს ახალ რეპრესიულ კანონს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 5 თებერვალს, განაცხადა.
„ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.
შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძე ამბობს, ასევე მიიღებენ ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლს, ვინაიდან მისი თქმით, შარშან მიღებული ჯერ რუსული კანონი სრულფასოვნად არ ამოქმედებულა.
„შარშან პარლამენტმა მიიღო ფარას მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყოთ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება მთავრობისგან.
პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია“, – განაცხადა მდინარაძემ.