მთავარი არხი ახალ ამბებსა და გადაცემებს აჩერებს
"მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
,,ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები. გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:
საინფორმაციო გამოშვებები
სპეც-ეთერები
პოსტ-ფაქტუმი
მთავარი შაბათს
დღის სტუმარი
განსხვავებული აქცენტები
ღამის მთავარი
შენი დილა
შენი შუადღე
შენი შუაღამე
ლიტერატურული სამკუთხედი
მთავარი მსოფლიოში
ამ დროისთვის "მთავარი არხის" ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად. მთავარი ხართ თქვენ" - ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავარი არხის განცხადებას სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ეხმაურება.
,,ახსნა მარტივია: "მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:
კომუნალურის, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს - ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!"
- წერს Facebook-ზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია. "მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.