პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია - დასავლეთის ლიდერები სანქციებისთვის ემზადებიან
შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა.
რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაუკავშირდა.
,,მე დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის შემზარავი აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას,“- განაცხადა ბაიდენმა.
საომარი მოქმედებების საპასუხოდ, უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები „მაღალი რისკის“ ქვეშ იმყოფებიან.