რუსეთში “ინსტაგრამი” მუშაობას დღეს შეწყვეტს
„ინსტაგრამი“ რუსეთში მუშაობას დღეს შუაღამიდან შეწყვეტს, მას შემდეგ რაც მისმა მფლობელმა „მეტამ” განაცხადა, რომ არ აკრძალავს მომხმარებელთა იმ შეტყობინებებს, რომლებიც რუსული ჯარების და ლიდერების სიკვდილს ეხება.
აღნიშნულის გამო, კრემლს „მეტას“ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაც სურს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის დახურავს ამერიკულ ფოტოგაზიარების პლატფორმას, რომელსაც 80 მილიონი რუსი მომხმარებელი ჰყავს.
მარეგულირებელმა უწყებამ „ინსტაგრამის“ რუს მომხმარებლებს ისიც ურჩია, რომ საკუთარი კონტენტი სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ერთ-ერთ „კონკურენტულ“ პლატფორმაზე გადაიტანონ.