რეგიონი
ერევანში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა
სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მრავალი კვირის განმავლობაში ითხოვენ, - 7 ივნისს ერევანში, ევროკავშირის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
რადიო ,,თავისუფლების" ინფორმაციით, ისინი მოითხოვდნენ, რომ ბრიუსელმა შეფასება მისცეს პარასკევის მსვლელობის დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკებისას სომეხი სამართალდამცავების ქმედებებს .
თავად პოლიციის ინფორმაციით, 3 ივნისს ერევანში, მთავრობის შენობების ბლოკირების დროს აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს და იძალადეს.
ერევანში, პროშიანისა და დემირჩიანის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს 60-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 39 პოლიციელი იყო.
ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთში აპრილიდან იმართება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ, თითქოს, იგი აპირებს აზერბაიჯანთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ბაქოს სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში 2018 წელს ქვეყნის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღაზე მოვიდა. 2021 წელს ვადამდელი არჩევნების შედეგად, მან შეინარჩუნა ხელისუფლება. ამავე დროს, ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სომხეთმა მარცხი განიცადა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიების გამო აზერბაიჯანთან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში.
2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში სექტემბრიდან განახლებული ინტენსიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.
Տարածեք :