სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოჭში, 31 ოქტომბერს სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, შეხვედრა რუსეთის ინიციატივით გაიმართება.
კრემლში აცხადებენ, რომ მხარეები განიხილავენ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საჭირო შემდეგომ ნაბიჯებსა და სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხებს.
შეგახსენებთ, დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების რუსეთის მიერ შეთავაზებულ ძირითად პრინციპებზე მუშაობას და მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს.