რეგიონი
პუტინს სურს ზავი უკრაინასთან - Reuters
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, მოლაპარაკების გზით, თუ შეთანხმება ამჟამინდელი ფრონტის ხაზებს აღიარებს. ინფორმაციას როიტერსი ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, პუტინი მზად არის გააგრძელოს ბრძოლა, თუ ამაზე კიევი და დასავლეთი არ დათანხმებიან.
ოთხიდან სამმა წყარომ, რომლებისთვისაც პუტინის გარემოცვაში დისკუსიებია ცნობილი, თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვიწრო წრეში უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების გამორიცხვას.
,,პუტინს შეუძლია იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, მაგრამ ის, ასევე, მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, ომის გასაყინად", — თქვა ერთმა წყარომ, რუსმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მუშაობდა პუტინთან და იცის კრემლის ყველაზე ზედა დონის წრეებში საუბრების შესახებ.
პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ თემასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ აჩვენა, რომ ,,რუსეთი ღიაა დიალოგისთვის, თავისი მიზნების მისაღწევად და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ სურს "მარადიული ომი".
წყაროები გამოცემას ეუბნებიან, რომ პუტინი ხვდება, დრამატული წინსვლისთვის ქვეყნის მასშტაბით ახალი მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს, რისი გაკეთებაც არ სურს, რადგან მისი რეიტინგი 2022 წლის სექტემბერში პირველი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საგრძნობლად დაეცა, ასობით ათასმა რუსეთის მოქალაქემ კი ომში გაწვევის შიშით ქვეყანა დატოვა.
"როიტერსის" თქმით, პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ხელახალი მობილიზაციის საჭიროება არ უდგას და სანაცვლოდ მოხალისეების რეკრუტირებას ეწევა შეიარაღებულ ძალებში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ "პუტინის წესებით მშვიდობა" კიევისთვის მიუღებელია. ზელენსკი დებს პირობას რომ დაკარგულ ტერიტორიებს უკრაინა დაიბრუნებს მათ შორის 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსაც. 2022 წელს ურაკინამ ფორმალურად დაადეკლარირა, რომ პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია
Տարածեք :