რეგიონი
ვლადიმერ პუტინმა განახლებული ბირთვული დოქტრინა დაამტკიცა
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს. რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების თანახმად, რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო კოალიციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია.
ახალი დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად რუსეთზე.
„რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პოტენციური მტრის აგრესიისგან შეკავება ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ბირთვულ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ.
„რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოების, ბლოკებისა და ალიანსების, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ“, - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოები, ბლოკები და ალიანსები, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.
ბირთვული დოქტრინის მიხედვით, სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით.
„ბირთვული შეკავება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ესმოდეს, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების გარდაუვალობა. სამხედრო კონფლიქტის დროს სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით. ბირთვული შემაკავებელი ძალების გარკვეული ნაწილის მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება რუსეთის ბირთვული შეკავების პრინციპების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა, ასევე რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ღონისძიებაა.
Տարածեք :