უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის საცავს დაარტყეს
რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
გამოცემა „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სმოლენსკის ოლქის ქალაქ იარცევოში მდებარე საწვავის საცავზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის გარკვეულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 68 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 10 სმოლენსკის ოლქში.
წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა, უკრაინის დედაქალაქ კიევშიც, რუსეთმა 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.
ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით შეუტია. დრონები დაფიქსირდა პოლტავას ოლქის სამხრეთ ნაწილში, სუმისა და პოლტავას ოლქების საზღვარზე, ასევე სუმის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში.