სპორტი
„ტაომ“ ერეკლე II-ის თასი მოიპოვა
20 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ თელავის „ჭადარს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა 71:14, მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. დღეს "ტაომ" უკვე მეხუთედ, ერეკლე II-ის გარდამავალი თასი მოიპოვა.
კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მესხი მორაგბეები ერთთვიანი დასვენების შემდეგ შემოდგომა-გაზაფხულის სეზონისთვის დაიწყებენ მზადებას.
„კარგი თამაში იყო, კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს და გავიმარჯვეთ. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, ერეკლე მეორის თასი მოვიპოვეთ, რომელიც მხოლოდ ჩვენსა და თელავს შორის თამაშდება. ამ თამაშით ჩვენ ექვსეულში, 12 გუნდში მე-5 ადგილს ვიკავებთ“, - აცხადებს ირაკლი გვენეტაძე.
მესხი მორაგბეები პირველი ლიგის ექვსეულში მეხუთე ადგილს იკავებენ, მათ სულ 10 თამაში აქვთ ჩატარებული, აქედან სამი მოგებით, ხოლო შვიდი წაგებით დაასრულეს. რაც შეეხება თელავის „ჭადარს“, ის ექვსეულში ბოლო ადგილს იკავებს. კახელმა მორაგბეებმა ათივე თამაში წაგებით დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ მესხმა მორაგბეებმა ერეკლე II-ს თასი 21 მარტს თელავში, სარაგბო კლუბ „ჭადართან“ დაპირისპირებისას მოიპოვეს. შეხვედრა ანგარიშით 42:28 მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
Տարածեք :