"ტაო" უმაღლეს ლიგაში ვერ გადავიდა
სარაგბო კლუბმა "ტაო"-მ უმაღლეს ლიგაში გადასვლა ვერ შეძლო. მესხი მორაგბეები "ყაზბეგთან" ანგარიშით: 33-18 დამარცხდნენ. შესაბამისად, უმაღლესი ლიგის მეათე წევრი ყაზბეგის გუნდი გახდა.
"ტაოს" ერთი მატჩი "ყაზბეგთან" მოგებული აქვს, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. თამაში 2 საათისა და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდის მენეჯერის ირაკლი გვენეტაძის თქმით, ტაოელები მოედანზე ამდენ ხანს არასდროს ყოფილან.
"ძალიან მადლიერი ვარ ჩემი გუნდის და მაგრები არიან "ყაზბეგის" მორაგბეები. უმშვენიერესი თამაში აჩვენეს. განსაკუთრებით I ტაიმი იყო ძალიან კარგი და ლამაზი. წავაგეთ, ჩვენდა სამწუხაროდ და "ყაზბეგის" საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, მომავალ წელს ისევ ვიბრძოლებთ უმაღლესი ლიგისთვის" - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.