საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამასთან, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ, დასწრება უფასო იქნება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ოთარ კიტეიშვილისა და საბა კვირკველიას მდგომარეობას რაც შეეხება, კვირკველია სათამაშოდ მზად არის, ხოლო კიტეიშვილი თურქებთან შეხვედრას გამოტოვებს.
შეკრების დროსაც ვგრძნობდი, რომ ემოციურმა ფონმა გადაიარა და ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არიან.
კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს რაც შეეხება, მისთვის მთავარი თურქეთთან ხვალინდელი მატჩია. ლოგიკურია, რომ ხვიჩას საკლუბო მომავალზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დარწუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ის თურქეთთან თამაშზეა კონცენტრირებული.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის არყოფნას, ბუნებრივია, ეს ჩვენი გუნდისთვის დანაკლისია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოთარი ჩეხეთთან მეორე ტურის მატჩისთვის მზად იქნება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.