მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა
33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა, სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში.
დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა. ქართველმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მან თითქმის ყველა რაუნდი მეტოქესთან უპირატესობით ჩაატარა. მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-11 ბრძოლაში გაიმარჯვა.
,,ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე. დავამტკიცე, რომ დღესდღეობით საუკეთესო ვარ. შედეგით გაკვირვებული საერთოდ არ ვარ. სპორტდარბაზში როგორც წონით დიდ, ასევე პატარა ბიჭებთან ვვარჯიშობ, თავისუფლად შემიძლია 15 რაუნდიან ბრძოლას გავუძლო", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ქართველი ჩემპიონის თქმით, მას თავისუფლად შეუძლია, 15 რაუნდიან ბრძოლას გაუძლოს.
The Sportster-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი ო'მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს.
ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.