მომავლის საკვები - ახალციხელმა ფერმერმა ლოკოკინები ევროპის ბაზრისთვის „მოიშინაურა“
29.11.2022
სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინის შეგროვების სეზონი დაიწყო. ხმელეთის მოლუსკის მოპოვების ორი გზა არსებობს - ტრადიციული, როცა თავად მოგიწევთ გლერძის ძირებში მოძებნა და შედარებით მარტივი - როცა შეგიძლიათ ლოკოკინას ფერმას მიაკითხოთ. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ბევრმა ლოკოკინას გამრავლება და რეალიზაცია დაიწყო. მათ შორისაა ფერმერი ზურაბ სადათიერაშვილი, რომელიც აპირებს, რომ მოლუსკი საზღვარგარეთ გაიტანოს.
ზურაბ სადათიერაშვილი სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ფერმერია, რომელმაც ლოკოკინების ფერმა არა ადგილობრივი, არამედ ევროპის ბაზრისთვის მოაწყო. მან ტრადიციულ, ადგილობრივ ჯიშზე უარი თქვა და ევროპაში გავრცელებული სახეობა მოაშენა.
„სულ რამდენიმე სახეობის ლოკოკინას მოიხმარენ საკვებად. ეს არის ჰელიქს ასპერსა მიულერი (helix aspersa muller), ევროპაში გავრცელებული ჯიში. ეს ჯიში იმიტომ შევარჩიე, რომ რაღაცით ჰგავს ჩვენს ლოკოკინას - ზომით და გემოთი. ყველაზე დიდი სხვაობა ისაა, რომ ეს ჯიში უფრო სწრაფად იზრდება. ადგილობრივი ჯიში უფრო მშრალ ადგილზეა შეგუებული და ნელაც იზრდება“, - ამბობს ზურა.
ლოკოკინების ფერმის მოწყობის იდეა წლების წინ გაუჩნდა, გასულ წელს კი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მუცელფეხიანები სოფელ წნისში, სახლის წინ, თავდაპირველად, 100 კვადრატულ მეტრზე გაუშვა. წამოწყებამ გაამართლა, ამიტომ წელს სადათიერაშვილების სანაშენე მეურნეობა 2 000 კვ.მ.-მდე გაფართოვდა და ტონანახევარი ლოკოკინა აკრიფა.
„რაოდენობრივად ცოტა მყავდა გაშვებული. ამ ფართობზე შესაძლებელია 4-5 ტონა ლოკოკინას წარმოება. შარშან და წელს უფრო საცდელი ვარიანტი მქონდა, გამოვცადე რამდენი და როგორ მოდის. არ არის ცუდი პროცესი მოვლა და გამრავლება. სირთულეს ჯერ ვერ ვხედავ“.
ლოკოკინების ფერმის მოწყობა და მოლუსკის მოვლა რთული არ აღმოჩნდა. მუცელფეხიანის გასამრავლებლად მთავარი პირობაა, რომ ტერიტორია კარგად დაცული და მუდმივად ტენიანი იყოს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ გარბიან. მარილის ბარიერი, ელექტრო მწყემსები მაქვს გაკეთებული. კიდევ ისაა პრობლემა, რომ მავნებლები ერჩიან. მღრღნელები - თაგვები და ვირთხები“.
ფერმერი გეგმავს, რომ სანაშენე მეურნეობის ფართობის გაზრდის შემდეგ მოლუსკი ევროპის ბაზარზე გაიტანოს. მანამდე კი მოთხოვნას რეგიონში დააკმაყოფილებს. საქართველო უკვე შეემატა იმ ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტია შესაძლებელი. ზურაბ სადათიერაშვილმა საზღვარგარეთ კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყო.
„ევროპაში ახლობლები ვინც მყავს, იმათი მეშვეობით ვცდილობ ვნახო ვინმე. მოთხოვნა იზრდება, ძირითადად, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, გერმანია. მაცივარ-კონტეინერში ჩადის 15-დან 20 ტონამდე. დაგეგმილი მაქვს, მომავალ წელს მივაღწიო ამ რაოდენობას. ევროპის ბაზარი სტაბილურია ჯერ საკვებად გავიტან, კოსმეტიკისთვის ლოკოკინას ლორწოს აღებისთვის დანადგარებია საჭირო“.
ლოკოკინა საქართველოდან ევროპაში უკვე გადის, მაგრამ სამცხე-ჯავახეთიდან - ჯერ არა. მოლუსკის რეალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ შეარჩია ევროპის ბაზარი ზურაბ სადათიერაშვილმა. ფერმერისთვის ფასიც და ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობებიც მისაღებია.
„არის იტალიური კომპანიები, რომლებიც საქართველოშივე იბარებენ კილოგრამს 4-5 ევროდ. არც ესაა ცუდი ფასი, თუ ბევრი გექნება და ერთიანად გაყიდი. მაგრამ მე ვეძებ კონტაქტებს პირდაპირ ევროპაში, შუამავლის გარეშე, რომ ცოტა ძვირად გავყიდო. ამ შემთხვევაში ფასი რამდენიმე ევროთი მეტია“, - ამბობს ზურა.
ლოკოკინა მესხური სამზარეულოს გამორჩეული კერძია. ხმელეთის მოლუსკს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში ჭამენ. მუცელფეხიანისგან მომზადებული კერძები ადგილობრივების მენიუში გვიან შემოდგომით ჩნდება და ადრე გაზაფხულამდე მიირთმევენ.
რეგიონში ამბობენ, რომ მესხეთში ლოკოკინასგან მომზადებული კერძები ფრანგი მისიონერების შემოსვლის შემდეგ გაჩნდა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მოლუსკი ძველ მესხურ სამზარეულოში გვხვდება და ამას ერთი ხალხური ლექსიც მოწმობს, რომელიც ეთნოგრაფებმა საუკუნის წინ, ადგილობრივი მოხუცებისგან ჩაიწერეს.
ლოკოკინა კლდოვან და თბილ ადგილზე, ეკლიანი ბუჩქის, გლერძის ფესვებში ბუდობს. მისი მოკრეფა მარტივი არ არის, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ძალიან აზარტულია.
საზღვარგარეთ ლოკოკინაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რის გამოც ევროპის ბაზარზე რეალიზაცია არ ჭირს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ლოკოკინაზე მოთხოვნა ჯერ მხოლოდ სამცხე-ჯავახეთშია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.