"ვსწავლობ, რათა ვასწავლო" - პედაგოგი სამცხე-ჯავახეთიდან
07.12.2022
„ვსწავლობ, რათა ვასწავლო“, - ამბობს 63 წლის მარინა ბროიანი, რომელიც ორ სკოლაში სამ საგანს ასწავლის და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად თავადაც არ წყვეტს სწავლას. კვირაში ორი დღე სოფელ ვარევანში მიდის. პედაგოგი 70 კილომეტრს გადის, რომ მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტაროს.
„პირველი უფლება - ცხოვრების უფლებაა. მეორე - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ოღონდ ისე, რომ უხეშად არ შეეხო სხვის ინტერესებს“, - მოსწავლეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ახსნით იწყებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს მარინა ბროიანი. რამდენიმე წლის წინ ეს საგანი მისთვისაც ისეთივე სიახლე იყო, როგორიც ბავშვებისა და მშობლებისთვის. პედაგოგი ამბობს, რომ არაერთი მცდელობა დასჭირდა, რათა დედების სკეპტიკური დამოკიდებულება შეეცვალა და სასწავლო პროცესში ისინიც ჩაერთო.
„სამოქალაქო განათლებაში 2008 წლიდან პირველი მერცხლები ჩვენ ვიყავით, ისტორიის მასწავლებლები. ბევრი ტრენინგი გავიარეთ ქართულ ენაზე, დღემდე ვსწავლობთ. არ არის კვირა, რომ 2-3 ტრენინგი არ გვქონდეს.“
მარინა ბროიანი 22 წელია ასპინძის სოფელ დამალაში ცხოვრობს და ისტორიას ასწავლის. ბოლო სამი წელია მუშაობა ახალქალაქის სოფელ ვარევანის სკოლაშიც დაიწყო. ჯავახეთში კვირას საღამოს მიდის და სამშაბათს, სამუშაო დღის ბოლოს ბრუნდება. ოთხშაბათიდან კი დამალის სკოლაში აქვს ისტორიის, სამოქალაქო განათლების და რუსული ენის გაკვეთილები.
ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი ჰუმანიტარული საგნების პედაგოგი მაშინ გახდა, როცა ვალეს მეორე შახტის სკოლაში ისტორიის მასწავლებელი სამსახურიდან წავიდა, მისი გაკვეთილების ჩატარება კი მარინას მოუწია. საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების საგანი 2008 წლიდან დაემატა და მისი სწავლებაც მარინას მიანდეს.
როცა სტატუსის მოპოვება გადაწყვიტა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდები სომხურ ენაზე არ იყო, ამიტომ 2015 წელს იძულებული გახდა, რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩაებარებინა, ასე გახდა რუსულის მასწავლებელიც.
„უნივერსიტეტი რუსულ ენაზე მაქვს დამთავრებული ციმბირში, ამიტომ ჩავაბარე რუსული, 10-იანი მივიღე და გავხდი უფროსი მასწავლებელი. მომავალ წელს ვაპირებ და იმედი მაქვს ჩავაბარებ, რომ სამოქალაქო განათლების საგანშიც მქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი“.
2012 წელს, როცა საგნის შესახებ თავადაც ბევრი ისწავლა, დამალის სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი შექმნა. მოსწავლეებთან ერთად მცირე პროექტების განხორციელება დაიწყო. ასე აღიჭურვა ავეჯით, ეკრანით, პროექტორით, აუდიო-ვიდეო ტექნიკით საკლასო ოთახი. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ახლა კიდევ ერთი კონკურსის პასუხს ელის.
„მცირე გრანტების პროექტია დაავადებებზე - ტუბერკულოზი, დიაბეტი, შიდსი, კიბო. პროექტს დავარქვით „უსაფრთხოების ელჩები“. ბიუჯეტში ჩავწერე, რომ თუ გავიმარჯვებთ, გვჭირდება ჟალუზები, რადგან არ გვაქვს ფარდები, საკანცელარიო ნივთები და ხმის გამაძლიერებელი. სანაცვლოდ, უნდა შევხვდეთ ექიმებს, ექსპერტებს. ბუკლეტები უნდა მოვამზადოთ, მოსწავლეებმა კვლევა უნდა ჩაატარონ მოსახლეობაში. პროექტის მოგება ჩვენთვის ნიშნავს კაბინეტისთვის რესურსების შეძენას“.
კონკურსებში მაღალი კონკურენციის გარდა, მარინას და მის მოსწავლეებს არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება. მთავარი სირთულე სახელმწიფო ენის ცოდნაა. სომხურენოვან სკოლაში სახელმძღვანელოებიც სომხურ ენაზეა შედგენილი და საგაკვეთილო პროცესიც მათ მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა ტრენინგები, პროექტები და კონფერენციები ქართულ ენაზეა.
„მართალია საქართველოა ჩვენი სამშობლო და ქართული ენა ჩვენი მეორე ენაა, უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მოსწავლეებს ეძნელებათ, რადგან ურთიერთობა არ აქვთ ქართულ ენაზე, მხოლოდ სკოლაში სწავლობენ ქართულ ენას. კარგად ესმით, მაგრამ ლაპარაკი უჭირთ. მეც ვეხმარები და ქართულის მასწავლებელიც, რომ კარგად გადათარგმნონ, შეცდომები არ დაუშვან. ინტეგრირებულ გაკვეთილებს ვატარებ ქართულენოვან სკოლებთან. “
სამი საგნის პედაგოგი სახელმწიფო ენას კარგად ფლობს. ამის მიუხედავად, ახლახან დაასრულა სწავლა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სადაც ქართული ენის ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა. ახლა ის ერთადერთია დამალის საჯარო სკოლაში, რომელიც სახელმწიფო ენას ბ+ დონეზე ფლობს. სწავლას და განვითარებას არ წყვეტს, ამბობს, რომ თანამედროვე სტანდარტებს სხვაგვარად ვერ დაეწევა. მეცადინეობას გაკვეთილების შემდეგ იწყებს, ძირითადად, გვიან ღამით.
„თუ მინდა კარიერაში წინსვლა, თუ მინდა გავხდე კარგი მასწავლებელი, უნდა გავიარო ეს გზა. გაკვეთილი სომხურადაა, მაგრამ ამის გარდა, უფრო მეტი თემებია სასწავლი ქართულად. ჟვანიას სკოლაში 200 საათი გავიარე, შემდეგ გამოცდა ჩავაბარე. თუ გინდა კარგად ფლობდე სახელმწიფო ენას, უნდა ისწავლო“.
მარინა ბროიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი, სკოლის დასრულების შემდეგ, რუსეთში ან სომხეთში მიდის, ან სწავლას საერთოდ არ აგრძელებს. მასწავლებელი ამბობს, რომ ამ საკითხებზე მუდმივად საუბრობს არა მხოლოდ აბიტურიენტებთან, არამედ მათ მშობლებთანაც და საზღვარგარეთ წასვლის ალტერნატივებს აცნობს. „მაგალითად, ნაადრევი ქორწინების შესახებ გაკვეთილები და ღონისძიებები გვქონდა. თბილისიდან მოვიწვიეთ ადვოკატი, დედებიც დავპატიჟეთ და ავუხსენით, რომ ჩვენს ქვეყანას არაქართულენოვანი სკოლებისთვის აქვს ძალიან კარგი პროგრამა - 1+4. მშობლებს ავუხსენი, რომ თუ მოსწავლე მეთორმეტე კლასში კარგად იმეცადინებს, ამ პროგრამაზე ჩააბარებს და 5 წელი უფასოდ ისწავლის. ჩემმა შვილმაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ პროგრამით, დაფინანსებით ისწავლა. ახლა გვყავს ხუთი მოსწავლე ერთი კლასიდან, სამედიცინოზე ჩააბარეს სრული დაფინანსებით. ამ ბოლოს ბევრი აღარ მიდის სომხეთში და აბარებენ საქართველოში“.
მარინა ბროიანის მოსწავლეები წარმატებული ექიმები, მასწავლებლები, ეკონომისტები და იურისტები ხდებიან. ზოგი საქართველოში და ზოგი - საზღვარგარეთ. სამოქალაქო განათლების პედაგოგებს თუ ჰკითხავთ, წარმატებას არა მხოლოდ კარგი საბაზისო განათლება, არამედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა განაპირობებს. სწორედ ამის ახსნით იწყებს გაკვეთილს მარინა ბროიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.