დასაქმების ადგილი - რუსეთი და საქართველოში ქმრების გარეშე დარჩენილი ქალები
20.12.2022
სამცხე-ჯავახეთში ოჯახების ნაწილი დეკემბერში ერთიანდება. ქალების რამდენიმეთვიანი ლოდინი სრულდება, სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში წასული მამაკაცები სახლებს უბრუნდებიან. ახალი წლის შესახვედრად მზადება იწყება, ორ თვეში კაცები ისევ წავლენ საზღვარგარეთ, ქალებს კი ოჯახის ტვირთის ზიდვა კვლავ მარტოებს მოუწევთ.
„დღეს გამოვიდა რუსეთიდან, ვნახოთ როდის მოვა სახლში. მგონი ხვალ საღამოს იქნება აქ. ვღელავ, ველოდები. საათები ძნელად გადის“, - ეს გაიანე მაზმანიანია, 31 წლის. რუსეთში, მარტში წასული ქმარი ახალციხის სოფელ დიდ პამაჯში ბრუნდება. გაიანესთან ერთად, მხითარ მარქარიანის შინ დაბრუნებას მოუთმენლად ელიან ლევონი და სურენი - მათი 6 და 2 წლის შვილები.
„ახალ წელს ყოველთვის ოჯახთან ერთად ატარებს. სოფლის კაცების უმეტესობა ასე დადის სამუშაოდ“.
გაიანე მაზმანიანი 24 წლის ასაკში ისე დაოჯახდა, რომ ქმარს კარგად არც კი იცნობდა. იცოდა რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო - ის პატიოსანი, მშრომელი და მშვიდი ბიჭი იყო. მხითარ მარქარიანმა სეზონურ სამუშაოებზე სიარული დაქორწინების შემდეგ დაიწყო. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. პირველად ცოლი და 2 წლის შვილი დედ-მამასთან დატოვა და სამსახური, რომელიც საქართველოში ვერ ნახა, რუსეთში მალევე იპოვა.
სტატისტიკა, მხითარ მარქარიანის მსგავსად, რამდენი ადამიანი გაურბის უმუშევრობას ჩვენი ქვეყნის ჩრდილოელ მეზობელთან, არ არსებობს. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით და კაცებისგან დაცლილი სოფლებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ციფრი საკმაოდ მაღალია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების მოცულობით რუსეთი წლებია პირველობას არ თმობს. მაგალითად, 2022 წლის მხოლოდ ნოემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსულმა თანხამ 316,14 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი წილის 60.66%-ია.
„რა სამუშაოც იქნება, იმაზე მუშაობს. უფრო ხშირად მშენებლობაზე. ზოგჯერ უჭირს, ზოგჯერ არა. აქ სამუშაო არ არის, რომ იყოს ჩემი ქმარიც დარჩება“, - ამბობს საქართველოში დარჩენილი გაიანე.
მხითარის შემოსავლით კმაყოფილია. ამბობს, რომ ქმარი თანხას ყოველთვიურად აგზავნის. ახალგაზრდა კაცის მძიმე ფიზიკური შრომით გამომუშავებულ ფულს ძირითადად, საოჯახო ხარჯებისთვის იყენებენ - რემონტსა თუ ავეჯში.
გაიანეს ქვეყნის დატოვებაზე არასოდეს უფიქრია. ამბობს, რომ მისი ცხოვრებით კმაყოფილია. ძირითად დროს სახლში ატარებს.
„დილით ბავშვი მიმყავს ბაღში, საღამოს მომყავს. ზაფხულში კაცები რომ არ არიან, ავტობუსით დავდივართ. ზამთარში ჩემს მაზლს დავყავართ მანქანით. სახლის დალაგება, საჭმელი, ბავშვები - ამას მე ვაკეთებ. ხანდახან სოფელში გოგოები ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ, ვსაუბრობთ ქმრებზე, ყველაფერზე“.
გაზაფხულის დადგომისთანავე კაცები რუსეთში მიდიან და საქართველოში ტოვებენ ქალებს ბევრი პასუხისმგებლობით. ზოგ ოჯახში მამაკაცი მთელი წელი არ არის, ასეთ დროს ყველა საქმეს ქალები აკეთებენ. მიწის ნაკვეთის დამუშავება, მოსავლის ამოღება, დაბინავება, შეშის დაჩეხა.
„ეს ტრადიციაა, წესია ასეთი“, - ამბობს გაიანეს დედამთილი. გამონაკლისი არც ის იყო. 23 წლის აიდა კირაკოსიანის ქმარი ქორწილიდან ორ თვეში, სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში წავიდა.
„თავიდან უფრო გამიჭირდა, არ ვიცნობდი ოჯახის წევრებს. მერე ნელ-ნელა შევეგუე. ვალეში ელექტრო ქარხანაში ვმუშაობდი, დილით 8-ზე მივდიოდი, 5-ზე მოვდიოდი, მერე სახლის საქმე და არ მეცალა დარდისთვის“.
რუსეთში მშენებლობაზე მუშაობა აიდას ქმარს რამდენიმე წელი მოუწია. სახლის ასაშენებლად ფული სხვაგვარად ვერ მოაგროვეს. „ქმრის სახლში 10 სული ცხოვრობდა. ჩემი მაზლი ცოლით და ორი შვილით, მული, დედამთილ-მამამთილი, მე და ჩემი ქმარი. ამის გამო, ჩემი ქმარი და მისი ძმა წავიდნენ რუსეთში, მოაგროვეს ფული და ცალკე სახლი ააშენეს მეზობლად, ჩემი მაზლისთვის. ამის შემდეგ ოთხი წელი იარა, მერე აღარ წავიდა. მერე ბიჭები გაიზარდნენ და იმათმა დაიწყეს სიარული“.
64 წლის აიდას პენსიონერი ქმარი ახლა სახლშია და სოფლის საქმეებს არის შეჭიდებული. აიდა პირუტყვს და კრუხ-წიწილას უვლის. იმ გზის გავლა, რომელიც მას 40 წლის წინ მოუწია, ახლა მის რძალს უწევს.
„რძალს ვეხმარები, ბოსელში არ ვუშვებ, ყანაში არ მიმყავს. ბავშვები გაზარდოს, ეგაა მისი საქმე, ბავშვების გვერდით იყოს. მერე რა, ქმარი რომ არ ჰყავს გვერდით, ასეა წესი. 2-3 წელი ივლის ჩემი შვილი, მერე ტრაქტორი უნდა იყიდოს. სოფლის საქმეზე იმუშავებს, ყანებში“.
„პირველი ორი კვირა ძალიან ძნელია, მერე თითქოს ეჩვევი. ვითომ, ასე უნდა ყოფილიყო. უცდი, ნერვიულობ“, - ეს 64 წლის ჟუჟუნა გოზალიშვილისა და მისი ქმრის ისტორიაა. 19 წლის იყო, როცა 27 წლის აკოფ ასტატურიანმა მოიტაცა. ასე აღმოჩნდა ვალელი გოგო სოფელ დიდ პამაჯში. დაოჯახების გამო, მისი სამომავლო გეგმები სრულად შეიცვალა. ჟუჟუნას ოცნება, ესწავლა უნივერსიტეტში, აუსრულებელი დარჩა.
„მომიტაცა და სწავლაც გვერდზე დამრჩა. ქარხანაში ვმუშაობდი და შორიდან ვიცნობდი. სკოლა რომ დავამთავრე ვმუშაობდი, რომ ლიმიტი ამეღო და მარტივად ჩამებარებინა. თბილისში მინდოდა სწავლა, ბიბლიოთეკარი მინდოდა გამოვსულიყავი. ვერ ვისწავლე“.
აკოფ ასტატურიანი რუსეთში ყოველ წელს მიდიოდა, სხვაგვარად ოჯახის რჩენას ვერ მოახერხებდა. საოჯახო საქმეების გამკლავება ახალგაზრდა ქალს უწევდა. მასავით უქმროდ დარჩენილი რძლებისთვის, „კაცის“ და „ქალის“ საქმე არ არსებობს. ჟუჟუნა იმ წლებს იხსენებს, რომელიც მეუღლის გარეშე, მოხუც დედამთილ-მამამთილთან ერთად გაატარა. „ქმარი ფულის გამო მტოვებდა და რუსეთში მიდიოდა, დედამთილი და მამამთილი მოხუცები იყვნენ, მარტო ვერ დავტოვებდი. ოჯახს და მიწის ნაკვეთებს ვუვლიდი, ყველაფერს ვასწრებდი. სოფელში არ იყო ფოსტა, თვეში ერთხელ, ხანდახან ორჯერ ვალეში მივდიოდი, ფულს ვიხდიდი და ველაპარაკებოდი-ხოლმე, წერილებსაც ვწერდით. ასე გადიოდა წლები“.
ჟუჟუნას და აკოფს სამი შვილი ჰყავთ. სამივე მათგანი ისე დაიბადა, რომ ქმარი გვერდით არც ერთი მშობიარობის დროს ჰყოლია.
„ძალიან განვიცდიდი, მიჭირდა, მაგ დროს გინდა ვინმე ამოგიდგეს მხარში. მაგრამ რა მექნა. დედაჩემი მოვიდოდა ხოლმე. რომ გავაჩენდი ბავშვს, აქედან ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, შვილი შეგეძინაო. მხოლოდ ორი წელი არ წავიდა რუსეთში, დანარჩენი დრო მარტო მტოვებდა და მიდიოდა, რომ ოჯახი ერჩინა. რა გვექნა? სხვა გამოსავალი არ იყო“. ჟუჟუნა გოზალიშვილი
აკოფ ასტატურიანი 5 წლის წინ გარდაიცვალა. ოთხი ათეული წლის თანაცხოვრების განმავლობაში, ცოლ-ქმარმა ერთად მთლიანობაში, რამდენიმე წელი გაატარა. ჟუჟუნა გოზალიშვილი ამბობს, რომ მისმა ქმარმა სეზონურ სამუშაოებზე 35 წელი იარა. რუსეთში წასვლა მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში ვეღარ შეძლო. „ყველაზე ძნელი ის იყო, რომ ახალგაზრდობაში გინდა მეუღლე გვერდით გყავდეს. 43 წელი ვიცხოვრე ქმართან და მაგის ნახევარი არ მაქვს მის გვერდით გატარებული. გაზაფხულზე მიდიოდა და დეკემბერში მოდიოდა. ამ დროს სულ მოლოდინში ვიყავი. ხანდახან ისე ყოფილა, რომ 10 თვე არ ჩამოსულა“.
კითხვაზე - როგორ მოქმედებს სეზონური მიგრაცია ოჯახის წევრებზე და აშორებს თუ არა ცოლ-შვილს, ჟუჟუნა გოზალიშვილი 45 წლის წინანდელ ისტორიას გვიყვება.
„პირველი შვილი უკვე 2 წლის იყო. ჩემი ქმარი შუა ღამისას მოვიდა, ბავშვს ეძინა. გავაღვიძე, გახარებული წამოხტა, მაგრამ მამამისს სახეზე რომ შეხედა წამოიყვირა, დედი, ეგ ჩემი მამა არ არის. ცრემლი მომერია, არ ახსოვდა მამამისი როგორი იყო. რამდენიმე დღე არ ეკარებოდა".
სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, სეზონური სამუშაოების „ტრადიცია“ გრძელდება. ქმრები ცოლებს, შვილებს, მშობლებს ტოვებენ და იძულებულები არიან, ოჯახის სარჩენად ფული ოკუპანტ ქვეყანაში გამოიმუშაონ.
ეთნიკური სომხების ეკონომიკური ბმა რუსეთთან ათობით წელს ითვლის და მისი გაწყვეტა მარტივი არ არის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც არჩევანს რუსეთზე აჩერებენ და არა ევროპის ქვეყნებზე. პირველი - ენის ბარიერია, მეორე - კონტაქტები. ყველა ოჯახს ჰყავს ოჯახის წევრი ან ნათესავი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებმა ჩასვლამდე უკვე იციან, რა პირობებით დაიწყებენ მუშაობას და სად იცხოვრებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.