ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.
ადგილობრივების ნაწილი ტაძრის საძირკვლამდე ასფალტის საფარის დაგებას აპროტესტებს.
"ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გვაუწყებს, რომ თურმე დასრულდა სოფელ წყორძის გზის რეაბილიტაცია. გზას რომ აკეთებთ ეს კი მისასალმებელია, მაგრამ ეკლესიის გარშემო, საძირკვლამდე რომ არ მოგეასფალტებინათ, რა მოხდებოდა?! მითუმეტეს წერილობით იყავით გაფრთხილებული შესაბამისი უწყებიდან! XIII საუკუნის ეკლესიის დაბზარულ კედლებს ერთი მაგ ტრაქტორის გრიალი აკლდა!" – წერენ სოციალურ ქსელში.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში "მეცხრე არხს" დაუდასტურეს, რომ ახალციხის გამგეობა გაფრთხილებული იყო, ეკლესიის მიმდებარედ, მძიმე ტექნიკას არ ემუშავა.
"სააგენტო საქმის კურსშია აღნიშნული დარღვევის შესახებ. მეტიც, გამგეობა გაფრთხილებულიც იყო, რომ მძიმე ტექნიკას არ ემუშავა ადგილზე და სამუშაოები სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ მომხდარიყო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. სააგენტოს ინსპექციის სამსახური საქმის კურსშია და დაველოდოთ შემდგომ რეაგირებას" – აცხადებენ სააგენტოში.
გამგეობის ინფორმაციით, სოფელ წყორძაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 261 000 ლარით ფინანსდება. რატომ არ გაითვალისწინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები – გამგეობაში აცხადებენ, რომ ამაზე ოფიციალურ კომენტარს 24 ივლისს, ორშაბათს გააკეთებენ.
აღდგომის სახელობის უგუმბათო, ერთნავიანი ტაძარი შუა სოფელში, ხევის პირას დგას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძეგლი XIII საუკუნის პერიოდს განეკუთვნება.
ფოტო გზის რეაბილიტაციამდე: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოები: