საზოგადოება
ჩამოშლილი მიწა და ჩახერგილი გზა
ჯავახეთში, ხუთი სოფლის მოსახლეობა, ორი კვირაა გოგაშენი-ვარძიის დამაკავშირებელი გზით ვეღარ სარგებლობს.
„უგზოობაა, ძალიან ვწვალობთ სოფლის მოსახლეობა, შორი გზიდან გვიწევს შემოვლა“, - ამბობს გოგაშენის მკვიდრი გიორგი ნათენაძე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვარძიასთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოშლილი მიწის შესახებ ორი დღის შემდეგ შეიტყო. მერის წარმომადგენელი გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში განმარტავს, რომ მიწა 52 მეტრზეა ჩახერგილი და მის შესაკეთებლად დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო. ზაზა ნათენაძის ინფორმაციით, ჩამოშლილი ფერდობის გამო ადგილიდან, დაახლოებით 30 000 კუბური მეტრი მიწაა გასატანი.
„განცხადებით მივმართეთ თბილისს, რის შემდეგაც სამი გეოლოგი გამოუშვეს. რთული მდგომარეობაა და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით ნახევარ მილიონთან. ფერდობი მოწყვეტილია და გზაზეა ჩამოსული. სამუშაოებიც სახიფათოა. ამ გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელს ვარძიასთან აკავშირებს და ახალციხე- თბილისის გზას ამოკლებს. მოსახლეობას ახლა 35 კილომეტრის შემოვლა უწევს ახალქალაქზე გოგაშნამდე მისასვლელად. ამ გზით ხუთი სოფელი და ტურისტები სარგებლობდნენ. სხვა დროს ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“ – აცხადებს ზაზა ნათენაძე.
ახალქალქის მერიამ დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართეს და გზაზე არსებული რთული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. იური უნანიანი ამბობს, რომ ჩახერგილი გზის გაწმენდას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ვერ შეძლებენ.
„ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ამიტომ სამი დღის წინ დახმარება ვითხოვეთ. ჯერ პროექტის მომზადებაა საჭირო, სამუშაოების ჩატარების დროსაც სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება. ჯერ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ ისევ არ ჩამოიშალოს და შემდეგ გაწმენდა დაიწყოს“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ იური უნანიანმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აქვთ ინფორმაცია, რომ გაწმენდით სამუშაოებს თავს ადგილობრივი ხელისუფლებაც გაართმევს. ამიტომ პროცესში ჩართვაზე გადაწყვეტილება გზების დეპარტამენტს მიღებული არ აქვს.
„ალბათ დეტალური ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, რატომ ვერ აკეთებს თავად თვითმმართველობა კონტრაქტორი კომპანიის,„ჯავახკ ავტოგზას“ მიერ. თუ დამატებითი ინფორმაცია შემოვა და შეფასდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსური ან სხვა რესურსის არარსებობის გამო ვერ აკეთებს, შემდეგ ჩაერთვება გზების დეპარტამენტი“, - ამბობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გააზიარეთ :