საზოგადოება
ერთი თვის წინ მეორედ დამეწყრილი ვარძია-გოგაშენის გზის გაწმენდა არ დაუწყიათ
მას შემდეგ, რაც ვარძია-გოგაშენის გზაზე მეწყერი მერედ ჩამოწვა, ზუსტად ერთი თვე გავიდა. ტერიტორიიდან ამ დრომდე არ დაუწყიათ მიწის გატანა, მოსახლეობა ისევ შემოვლითი გზით სარგებლობს, ტურისტებს კი უკან უწევთ გაბრუნება.
15 ბაიკერი, რომელიც ვარძიაში მიდიოდა, სოფელ გოგაშენიდან უკან გააბრუნეს. უცხოელ ვიზიტორებს ტურისტული გზა ჩახერგილი დახვდათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოგზაურებს მარშრუტის შეცვლა უწევთ. ზოგიერთი რისკავს და მიწის მასაზე გაინც გადადის.
„მინახავს ტურისტები ველოსიპედებით ხელში, როგორ გადადიან დამეწყრილ გზაზე. საშიშია, მაგრამ რა ქნან“,- გვიყვება ადგილობრივი.
სოფელ გოგაშენში ცხოვრობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დამეწყრილ გზას ყოველდღიუირად ფეხით კვეთს.
„ვარძიაში ვმუშაობ, სოფლიდან ფეხით გადავდივარ სახიფათო ადგილზე, მანქანა ქვევით მყავს დაყენებული, ვჯდები და მივდივარ სამსახურში. საღამოს, სამუშაოს დასრულების შემდეგ მოვდივარ ჩახერგილამდე, მანქანას ვტოვებ და ისევ ფეხით გადავდივარ, საშიშია, მაგრამ რა ვქნა, მაშინ 100 კმ. უნდა შემოვუარო“.
45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა. ხელისუფლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საყრდენი კედლის აშენებას გეგმავდა. კომპანიას სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, რომ იგივე მონაკვეთზე მიწა მეორედ, 13 ივლისს უფრო დიდი რაოდენობით ჩამოიშალა.
„ძალიან ვწვალობთ, ორი თვეა გზა ჩაკეტილია. მიწის მეორედ ჩამოწოლის შემდეგ, აქ აღარავინ გამოჩენილა, როგორც ვიცით ფული ჩარიცხულია და სამუშაოებს არავინ იწყებს, მიზეზი არ ვიცით“,- გვიყვებიან ადგილობრივები.
რატომ არ მიმდინარეობს ან როდის დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები - ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მერის წარმომადგენელს გოგაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში ზაზა ნათენაძე.
„ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თანხებთან არის დაკავშირებული. ტექნიკა აქ დგას, გაჩერებულია და ველოდებით, ალბათ ამ დღეებში დაიწყებენ, ასეთი ინფორმაცია მაქვს“.
რეგიონის ხელისუფლებაში სამუშაოების არდაწყების ორ მიზეზს ასახელებენ. პირველი ის, რომ ჯერ ლოდები უნდა დაშლილიყო, მეორე კი ისაა, რომ ადგილზე მისული მძიმე ტექნიკა დაზიანდა. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნის მომზადებასა და სამინისტროდან დამატებითი დაფინანსების მოპოვებას დაახლოებით, 10 დღე დასჭირდა.
„ჯერ დავიწყეთ 60-70 ტონიანი ქვების დაშლა, პირველ რიგში მოსაშორებელი სამი ლოდი იყო, რადგან საშიშროებას წარმოადგენდა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო სამუშაოები, მაგრამ არ დაწყებულა, რადგან ტექნიკა, რომელიც იქ აიყვანეს, დაზიანდა. ბოლო ერთი კვირაა მის შეკეთებაზე მუშაობენ“, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილმა.
ლოდი, რომელიც დაშალეს
გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. მიწის გამოტანა ზედა მხრიდან უნდა დაიწყოს, შუამდე ჩამოიტანონ, შემდეგ სულ ქვევით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ნაშალის გატანა. დამეწყრილი ტერიტორიიდან დაახლოებით 30 000 კუბი მიწაა გასატანი.
„ფაქტობრივად, სამმაგი სამუშაოებია შესასრულებელი. ორი ბულდოზერი მიწას მოჭრის, 2-3 „კამაზი“ კი იმუშავებს მიწის გატანაზე. ტერიტორია ისე გაკეთდება, რომ საფრთხის შემცველი აღარ იყოს“,- გვიყვება შალვა ბერძენიშვილი.
შალვა ბერძენიშვილის ვარაუდით, გაწმენდით სამუშაოებს ორი თვე დასჭირდება. გზაზე მოძრაობა მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება.
გააზიარეთ :