COVID19
ახალციხეში, სილამაზის სალონი, სადაც კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა, დახურეს
ახალციხეში ერთ-ერთი სილამაზის სალონი დროებით დახურეს. თანამშრომლები კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. როგორც სალონის მეპატრონე ამბობს, სომხეთიდან ჩამოსული კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი 13 სექტემბერს მათთან სალონში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ფიზიკური კონტაქტი არავისთან ჰქონია, თუმცა თანამშრომლები თავის დაზღვევის მიზნით კარანტინში მაინც გადავიდნენ.
"13-ში სალონში მოვიდა. პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ გოგოებს, მაგრამ მაინც გადავიდნენ კარანტინში. მე არ ვყოფილვარ ფიზიკურად და ამიტომ ჩემი გადაყვანის საჭიროება არ იყო" - აცხადებს სალონის მეპატრონე.
მისივე თქმით, ობიექტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. სალონის მეპატრონე აცხადებს, რომ ეს სამუშაოები მათთან ყოველი დღის დასრულების შემდეგ ისედაც ტარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, სომხეთიდან ჩამოსული მამაკაცი, ახალციხეში დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. სომხეთში დაბრუნებულს კი კორონავირუსი დაუდასტურდა.100-მდე პირს, რომელიც მამაკაცთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, 18 სექტემბერს ანალიზები აუღეს. მათი ნაწილი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში უკვე გადაიყვანეს. თავად დაავადებული მამაკაცი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით თბილისში დაავადდა.
გააზიარეთ :