არჩევნები
დეპუტატობის კანდიდატმა შიმშილობა შეწყვიტა
გოდერძი კუბლაშვილმა, ორდღიანი შიმშილობის შემდეგ, ადიგენის ხელისუფლების საქმიანობის უკიდურესი ფორმით გაპროტესტება შეწყვიტა. „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #17 სამცხის ოლქში ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია და კარდაკარი დაიწყო, ამიტომ შიმშილობის დროებით შეწყვეტა მოუწია.
"იმის გამო, რომ ამ უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან (სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეჭვქვეშ აყენებენ) და თან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ, დროებით ვწყვეტ შიმშილობის აქციას", - წერს კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
გოდერძი კუბლაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხუთ ოქტომბერს მიმართა. ამის მიზეზი მისთვის ტერიტორიის დაკანონების საკითხზე, ადიგენის კომისიის წევრების უარია.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, მისი ნაკვეთი დაბა ადიგენში მდებარეობს. ტერიტორიის დაკანონების მოთხოვნით მან მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართა. საქმე განიხილეს სასამრთლოშიც, რის შემდეგაც ადიგენის კომისიას კუბლაშვილის განცხადების ხელახალი განხილვა დაევალა. მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიის დაკანონებაზე უარი ეთქვა.
გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა უკანონო გადაწყვეტილება ადიგენის მერის პირადი ინტერესების გამო მიიღეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი კუბლაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ზაქარია ენდელაძე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
გააზიარეთ :