კულტურა
200 000 ლარი გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისთვის - მერიამ კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიამ, გიორგი V ბრწყინვალეს ქანდაკების განსათავსებლად, ესკიზის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
წინადადებების მიღება ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ესკიზის წარდგენა შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ახალციხე, კოსტავას ქ. 18)
საკონკურსო პირობების მიხედვით, ძეგლი უნდა მდებარეობდეს ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის დასაწყისში (წრიულზე) ან ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.
სპეციალური ჟიური ძეგლის ესკიზს მხატვრული ღირებულების და ფასის მიხედვით შეარჩევს. გაიმარჯვებს ის ესკიზი, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას მოიპოვებს.
პირველ ადგილზე გასული ავტორი განახორციელებს პროექტს, მეორე ადგილზე გასული მიიღებს ფულად ჯილდოს 1 500 ლარის ოდენობით, მესამე ადგილზე გასული პირი კი 1 000 ლარს.
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაზე პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში 12 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ქალაქში მეფის ძეგლი დაიდგმებოდა და ერთ-ერთ ქუჩას ბექა ჯაყელის სახელი დაერქმეოდა.
გააზიარეთ :