რეგიონი
ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარული პრორუსი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. როგორც JAMnews-ი იუწყება, სომხეთში ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა აქციამ ინტერესი საზღვარგარეთ გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაჩნდა კითხვა: სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოება რუსეთს უჭერს თუ არა მხარს ამ კონფლიქტში.
ქვეყნის ხელისუფლება აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და რუსეთი ოფიციალურად სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ექსპერტთა საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთს სჭირდება ნეიტრალიტეტი მკაცრად დაიცვას.
რუსეთის მხარდამჭერი აქცია 19 მარტს ერევნის ცენტრში გაიმართა, სადაც პარტია „კონსტიტუციური მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ ჰაიკ ბაბუხანიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ცივილიზებული კონფლიქტია და რომ ისინი რუსეთის გვერდით დგანან.
„დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთის გვერდით, რადგან ჩვენი ძმობა დადასტურდა ბრძოლის ველზე და საზღვრებზე, სადაც რუსი ჯარისკაცი იცავს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძმობას, ერთობას. ჩვენ ვართ თავისუფლების, თვითგამორკვევის, სომხურ-რუსული მეგობრობის მომხრეები. დღეს ჩვენი მოკავშირე ცივილიზაციურ ბრძოლას აწარმოებს. ეს არის ცივილიზებული კონფლიქტი“ - აღნიშნა ჰაიკ ბაბუხანიანმა.
"ჩვენ დღეს ვმონაწილეობთ ამ ღონისძიებაში, რადგან გვსურს სომხეთი იყოს ძლიერი და პატიოსანი მეგობრულ ურთიერთობებში. და როცა ნაციზმთან ბრძოლაა, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ჩვენ ვართ ძლიერი სომხეთის ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან“, - განაცხადა პარტია ალიანსის ლიდერმა ტიგრან ურიხანიანმა.
გამოსვლების დასასრულს აქციის მონაწილეები რუსეთის საელჩოსკენ გაემართნენ. აქვე განაცხადეს, რომ მათი აქციები პერიოდულად გაიმართება. შემდეგი აქცია მათ 26 მარტს დაგეგმეს.
პოლიტიკური დამკვირვებელი ჰაკობ ბადალიანი სომხეთში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ამა თუ იმ მხარის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლიანად არის აღშფოთებული სომხეთში განხორციელებული ქმედებებით უკრაინაში რუსული სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერად. მაგრამ როგორც სომხურ თემს შეუძლია განახორციელოს აქციები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც არ შეესაბამება ამ ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას, ასევე, სომხეთის ნებისმიერ „საზოგადოებას“ შეუძლია ასეთი აქციის გამართვა. სომხეთი თავისუფალი ქვეყანაა იგივე რუსეთისგან განსხვავებით.
რათქმაუნდა, სომხური საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან, მეორე ნაწილს არ მოსწონს აქცია რუსული „Z“-ის დასაცავად... რაც არ უნდა რთული იყოს ემოციების კუთხით თავის შეკავება, მნიშვნელოვანია ამ ქმედებების „იგნორირება“ რაციონალურობის თვალსაზრისით, რაც აჩვენებს, რომ სომხურ საზოგადოებას აქვს საკუთარი „წინააღმდეგობის დღის წესრიგი“ და არ ექვემდებარება სხვადასხვა მანიპულაციების დისტანციურ მართვას.
საბოლოო ჯამში, სომხეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ქცევით დაინტერესებულებმა, ალბათ, ყველაზე კარგად იციან, რომ ეს ქმედებები არის „მარგინალური“ და არა ზოგადი განწყობის გამოხატულება და სიტუაციას სულაც არ „ზომავენ“. ”
გააზიარეთ :