,,40 ინციდენტიდან 21 სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა" – მრავალეროვანი საქართველო
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის შედეგებს აქვეყნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა 16 საარჩევნო ოლქს, აქედან სამცხე–ჯავახეთის ექვსივე – ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქებს.
სამონიტორინგო პროგრამაში ჩართული იყო 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ სამცხე–ჯავახეთში, გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (7 ინციდენტი, აქედან 6 სამცხე–ჯავახეთში)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #66 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი არ აწესრიგებდა ამომრჩეველთა რიგს დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრატორთან აგზავნიდა ორზე მეტ ამომრჩეველს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის არაერთი მითითების მიუხედავად, ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი განაგრძობდა მსგავს ქმედებას. ინცინდენტის აღმოფხვრის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა წარადგინა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.
ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ვალე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რეგისტრატორები ამომრჩევლებს ბიულეტენებს გადასცემდნენ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარაგულირებელმა კომისიის წევრმა, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, რის გამოც რამოდენიმე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შევიდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი და დარღვევა იქნა აღმოფხვრილი.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #67 საარჩევნო უბანზე, ნაკადის მარეგულირებელი არასათანადოდ ასრულებდა უფლებამოვალეობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, უბნის კომიის თავმჯდომარემ მოახდინა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს გაშლილი იყო სუფრა და კომისიის ყველა წევრი მიირთმევდა ალკოჰოლს, რამაც ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. გარდა აღნიშნულისა, უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული ძირითადი საარჩევნო ყუთი. ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის მთვლელების გამოსავლენად. ფაქტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის საფუძველზეც ინციდენტი აღმოიფხვრა.
უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (3 ინციდენტი, აქედან 1 ჯავახეთში)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, რაც გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა (7 ინციდენტი, აქედან 5 ჯავახეთში)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც დარღვევა აღმოფხვრილ იქნა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #69 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივნის მიერ არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, დაიწერა შესაბამისი საჩივარი, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა და ჩანაწერთა წიგნში შეტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წერვრთა შორის ფუნქციების დროებით შეცვლის თაობაზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #01 და #37 საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური პარტია „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრებმა წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტია „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად წილისყრაში მონაწილეობაზე. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
მარკირების წესის დარღვევა (1 ინციდენტი)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩეველს უკეთებდა მარკირებას, რაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც აღმოფხვრილ იქნა.
ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე (1 ინციდენტი)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის ნაკადის მარეგულირებლი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე, რის შემდგომაც ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შესაბამისადაც დაიწერა საჩივარი.
აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი, აქედან ერთი ჯავახეთში)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, კერძოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქტივისტები. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.
დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (4 ინციდენტი, აქედან 1 ჯავახეთში)
ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე (სოფ. ოროჯალარი) ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს მოსთხოვეს პირადობისა და დამკვირვებლის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა. დამკვირვებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია ყალბია და უარი განაცხადა დამკვირვებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის უკან დაბრუნებაზე. აღნიშნულის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის მიერ გაცხადებულ სიტყვიერ პროტესტს კომისიის წევრის მხრიდან უხეში რეაგირება მოჰყვა (არაკორექტული ფორმით დამკვირვებლისათვის დოკუმენტაციის უკან დაბრუნება). ინციდენტში ჩაერთო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, თუმცა მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ინციდენტთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაშ დაიწერა საჩივარი.
კენჭისყრის პროცესის უკანონოდ შეჩერება (1 ინციდენტი)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #70 საარჩევნო უბანი 08:42 წუთზე დაიკეტა კომისიის წევრების მიერ შესვენების მიზნით და შესაბამისად რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეზღუდათ ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა -კომისიის თავმჯდომარემ უბანი გახსნა ამომრჩევლების მისაღებად.
ძალადობა (3 ინციდენტი, აქედან 1 ჯავახეთში)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ინციდენტში მონაწილე ორივე პირის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რამაც გარკვეული დროით შეაფერხა საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა (2 ინციდენტი)
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტებისთვის გათვალისწინებულ გრაფებში მონაცემების გადასწორება. ამასთან, ოქმს თან არ ერთო შესწორების ოქმი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით დაიწერა საჩივარი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ დადგა. კერძოდ, ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ხელმოწერების მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 6-ით ნაკლები იყო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამზე. აღნიშნულ ინციდენტთან მიმართებაში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა საჩივარი.
სულ სადამკვირვებლო პროგრამის ფარგლებში „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაფიქსირდა 40 ინციდენტი, დაიწერა 13 საჩივარი, რომელთაგან 7 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
რიგ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა მცირედი ხასიათის საარჩევნო ხარვეზებს, რაც ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა სხვა სახის ტენდეციები, მათ შორის ნიშანდობლივია, რომ 132 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას:
• საუბნო საარჩევნო კომისიის 931 წევრი იყო ქალბატონი (საშუალოდ 7)
• 67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი (50,8%)
• საუბნო საარჩევნო კომისიის 696 წევრი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს (საშუალოდ 5)
• საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობა (მდივანი ან თავმჯდომარე) ეკავა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ 67 პირს (50,8%).
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.