არჩევნები ოპოზიციის გარეშე
ევროპული საქართველო 27 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. #38 ადიგენის ოლქის მესამე უბანზე, კანდიდატი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ წარადგინა. სოფელ არალში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 5 აპრილს, საკრებულოს წევრი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ადიგენში სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის დასახელებას არ აპირებენ.
,,არ გვინდა ჩვენი მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ იყვნენ. არალშიც ზუსტად ის მოხდება, რაც აბასთუმანში. ვიცით, რომ რეგიონის მთელი ხელმძღვანელობა წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთვება“ – აცხადებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სიმონ პარუნაშვილი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს საქართველოს სამ თემში, მათ შორის ადიგენის უბანზე გაიმართება. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს ამოიწურა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კანდიდატი წარადგინა ქართული ოცნებაა. მმართველი პარტიის სახელით, საკრებულოში მოსახვედრად 37 წლის ზურაბ ფეიქრიშვილი იბრძოლებს. ამომრჩევლებს კანდიდატი პარტიის ლიდერებმა გააცნეს. შეხვედრას სოფლის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის და რეგიონის პირველი პირები ესწრებოდნენ. ადგილობრივებს კანდიდატი მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.
,,ზურაბ ფეიქრიშვილი არის ღირსეული კაცი და ღირსეული კანდიდატი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს. თაობებს ზრდიდა და გააგრძელებს ამ საქმიანობას ისევ. ვფიქრობ, რომ ასეთი ღირსეული ადამიანებისთ და კარგი საქმეებით უნდა მივიდეთ დიდ გამარჯვებებამდე“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მმართველი პარტიის რჩეული 2001 წლიდან დღემდე ადიგენის კოპლექსურ სასპორტო სკოლაში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელია. ზურაბ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებასთან შეხება არასდროს ჰქონია, მიუხედავად ამისა ფიქრობს, რომ არჩევნებს მოიგებს. თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელს, გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმები გაწერილი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.
,,ამ სოფელში დავიბადე, გავიზარდე და სამუდამოდ მაქვს გადაწყვეტილი სოფელში ცხოვრება. სოფელ უდესა და არალს დიდი ტბა გვაქვს. გვინდა, რომ წყალი ცალკე მილებით წამოვიყვანოთ, რათა ღია არხებთან შეხება აღარ გვქონდეს. მოსახლეობის გარკვეულმა რაოდენობამ უნდა დაადასტუროს, რომ მაგის მიხედვით ვიმუშავოთ და განვახორციელოთ“, - ამბობს ზურაბ ფეიქრიშვილი.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი ავადმყოფობის შედეგად, მიმდინარე წლის ხუთ აპრილს გარდაიცვალა. მან მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.
ქართული ოცნების გარდა, სხვა პოლიტიკურ პარტიას ამჯერად კანდიდატი არ დაუსახელებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ვადა ისე ამოიწურა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა – აცხადებს ოლქის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი.
,,შემოტანილი აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებას, საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა ისე გავიდა, არც ერთს არ შემოუტანია განცხადება“ – აცხადებს ჯაბა მაჭარაშვილი.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. შუალედურ არჩევნებზე კანდიდატის წარდგენა პარტიასა და ბლოკს 27 სექტემბრის 6 საათამდე შეეძლო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები სამ ოლქში დანიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მაჟორიტარს ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში აირჩევენ.
სამცხე–ჯავახეთში, შუალედური არჩევნები №38 ადიგენის საარჩევნო ოლქის მესამე უბანზე გაიმართება. დეპუტატს სოფელ არლის მოსახლეობა აირჩევს. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ უბანზე 1 467 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.