ენზელ მკოიანმა თავი დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა
"ქართული ოცნების" საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მან ახალქალაქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი დეპუტატის კანდიდატურის რეგისტრაციისთვის, დღეს, 2 სექტემბერს მიმართა და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა.
ინფორმაცია ენზელ მკოიანმა "მეცხრე არხს" დაუდასტურა.
"დიახ, მართალია. დღეს დოკუმენტების დიდი ნაწილი წარვადგინე, ხვალ კიდევ რამდენიმე დამრჩა წარსადგენად და დავასრულებ. ვიცი რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ ჩემი ინფორმაციით, სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის. კანდიდატობა ხალხის თხოვნით და ჩემი სურვილით გადავწყვიტე. ხუთჯერ ვიყავი პარლამენტში დეპუტატი და მინდა მეექვსედაც ამირჩიონ" – განმარტა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.
31 ოქტომბერს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, "ქართულმა ოცნებამ", ენზელ მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი წარადგინა.
კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთა არჩევანი "ქართულმა ოცნებამ" მის კანდიდატურაზე, ენზელ მკოიანმა გვიპასუხა: "არ ვიცი. ეს მათ ჰკითხეთ".
შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 1999 წლიდან დღემდე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე -9 ნაწილის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.