ნინოწმინდაში საარჩევნო პლაკატები დააზიანეს
ნინოწმინდაში საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. რადიო "ნორის" ინფორმაციით, სააგიტაციო მასალა გაკვრიდან რამდენიმე დღეში ჩამოხიეს.
დაზიანებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის სამველ მანუკიანისა და "ევროპული საქართველოს" კანდიდატის არსენ კარაპეტიანის საარჩევნო პლაკატები.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 პრიმა ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია და ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილზე არ არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად 1 სექტემბრიდან დაიწყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.