არჩევნების ჩატარება მძიმე ეპიდემიოლოგიურ პირობებში გვიწევს - გიორგი გახარია
31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება მძიმე ეპიდემიოლოგიურ პირობებში გვიწევს, მიუხედავად ამისა არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში იყოს.
„ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალციხისა და ბორჯომის შემდეგ პარტიის ლიდერები "ქართული ოცნების" კანდიდატს ადიგენში წარადგენენ.