საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე 08:00 საათიდან ხმის მიცემა დაიწყო. უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე გარკვეული პროცედურები ჩატარდა. კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება.
ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა.
არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.