ცესკომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ოქმების განხილვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.
ცესკოს მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.
ასევე ცესკომ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე შეტანილი საჩივრები, რომელიც შემდეგმა სუბიქტებმა წარადგინეს: პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური გაერთიანება ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის“, საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ შორის იყო ა(ა)იპ-ის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი.
შეგახსენებთ, ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა.
interpressnews.ge