არჩევნები
კენჭისყრის პროცედურები კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა - საია
20:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა, - ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს.

როგორც ორგანიზაციის შეფასებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

საია-ს განცხადებით, ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

„ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 - უბნის, ხოლო 10 - ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შემდეგია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: საიას დამკვირვებლებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;

ჩუღურეთის ოლქი # 10 უბანი - საიას დამკვირვებელმა შენიშნა უბნის ტერიტორიაზე კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით, მტკიცებულების მოპოვების მიზნით გადაიღო სურათი, რის შემდეგაც უცნობი პირი მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;

რუსთავის ოლქი #45 - საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც;

ბათუმის ოლქი #52 - მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელი ფოტოს უღებდა საარჩევნო უბნის ტერიტორიას, იქვე მყოფმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

სამგორის ოლქი #8 უბანი - კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი, რაზეც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელს მის მიერ გაკეთებული შენიშვნა გადაუსწორეს და აღარ აძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას. ამის შემდეგ დამკვირვებელმა უბნის დონეზე დაწერა საჩივარი. ასევე დამატებით გააკეთა შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ჩანაწერი გადაასწორეს. დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყვანეს გარეთ და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ, მისთვისვე იყო უკეთესი უკან გაეტანათ საჩივარი. მათ დამკვირვებელთან კონტაქტი სცადეს სოციალურ ქსელშიც;

კრწანისის ოლქი #17 - საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა ისე, რომ სიაში მითითებულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმა მიცემული არ ჰქონდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, ამ ამომრჩეველთან განმეორებით გაიტანდნენ ყუთს 17:00 საათიდან. დაბრუნებულ ყუთზე გადაკრული იყო ლუქი. 17:00 საათისთვის გადასატანი ყუთი განმეორებით გაიტანეს უბნიდან და რამდენიმე წუთში დააბრუნეს უკან დალუქულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დამკვირვებელი საათნახევრის განმავლობაში ცდილობდა დაეწერა წერილობითი შენიშვნა, ძალისხმევისა და კომისიის წევრებისგან უხეში ზეწოლის ფონზე. საბოლოოდ მან დაწერა საჩივარი.

ამომრჩევლის ნების კონტროლი: მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა: ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

სხვა დარღვევებია: წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.

საიას სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონალური შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.

საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ განცხადება დღის ბოლოს და ერთ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს. საიას თავმჯდომარე მედიის საშუალებით შეაფასებს არჩევნების მიმდინარეობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს პრესკონფერენციას.

საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს",- აღნიშნულია საიას შეფასებაში.
Facebook Twitter
განტვირთვა
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 0 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი -3 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -6 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9424
RUB
RUB
100
4.3806
TRY
TRY
1
0.4164
USD
USD
1
3.3138
AMD
AMD
1000
6.4976
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.