„ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატები მოიპოვა - ირაკლი კობახიძე
როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, საარჩევნო უბნებზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გამოცხადდა.
"2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს, კობახიძის ინფორმაციით, მათ შორის მანდატები ასე გადანაწილდება:"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 36 მანდატი; "ევროპული საქართველო" - 5 მანდატი; "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", პატრიოტთა ალიანსი" და "გირჩი" - 4-4 მანდატი; "მოქალაქეები" - 2 მანდატი; "ლეიბორისტული პარტია" - 1 მანდატი.
"შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება", - განაცხადა კობახიძემ.