პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი ნათია გულიაშვილია
ნათია გულიაშვილი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია ახალციხეში. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
,,უკვე ახალციხის მერობის ოფიციალური კანდიდატი ვარ. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ერთადერთი ქალი და საკმაოდ ძლიერი კონკურენტი" - წერს ნათია გულიაშვილი.
მეცხრე არხთან კი აღნიშნა, რომ არჩევნებში ,,ბრძოლა" საყვარელ ქალაქში დაგროვილი პრობლემების გამო გადაწყვიტა.
,,პოლიტიკოსობა სიმართლე გითხრა დიდი ხანია არ გადამიწყვეტია. თუმცა როგორც მოქალაქეს ყოველთვის მადარდება ჩემი ქალაქის პრობლემები, უფრო ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში "ბრძოლა". ძალიან ბერვი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც მინდა. პირველ რიგში დასაქმება. სასმელი წყლის პრობლემა. ქალაქი ნახევარი საათობით ელოდება სასმელ წყალს. არამარტო ქალაქი ბევრ სოფელში სასმელი წყლით ხალხი იწამლება, ისეთი დაბინძურებული მოდის" - განმარტავს მერობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან.
ერთადერთი ქალი კანდიდატი იმასაც აღნიშნავს, რომ
,,არის ბევრი ისტორიული ძეგლი, რომლის არსობობაც უმეტესობამ არ იცის და დროთა განმავლობაში ინგრევა. ტურისტული განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი ისტორიული ძეგლები დავაფასოთ და ყურადღება მივაქციოთ. როგორც აღვნიშნე, დასაქმება პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან რაც არ უნდა ლამაზი იყოს ქალაქი, თუ მასში ხალხი მშიერი და გაჭირვებულია, აზრი არ აქვს შენიღბულ სილამაზეს. ვფიქრობ, ჯერ მთავარია ხალხი იყოს ბედნიერი" - აცხადებს ნათია გულიაშვილი.
პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი 24 წლის არის, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
დღევანდელი მონაცემებით, ახალციხეში მერობის კანდიდატი შვიდ პარტიას ჰყავს დასახელებული. მათ შორის:
"ქართული ოცნება" – ირაკლი ლაზარაშვილი;
ენმ – დავით ბალიაშვილი;
"ევროპული საქართველო"– ზურა სადათიერაშვილი;
"ლელო" – მანუჩარ ჩაჩანიძე;
"თავისუფალი საქართველო" – მიხეილ კეთილაძე;
"საქართველოსთვის" – გიორგი არველაძე;
„პატრიოტთა ალიანსი“ – ნათია გულიაშვილი.