მულტიმედია
საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ჯავახეთის მოსახლეობა - რატომ ვერ იღებს ქართულ პასპორტს ათასობით ადამიანი?
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები შვიდი ახალგაზრდა ერთ ორგანიზაციად გაერთიანდა და მოხალისეობრივ საწყისებზე უმცირესობების უფლებების გაუმჯობესებისთვის საქმიანობა დაიწყო. პირველი საკითხი, რასაც შეეჭიდნენ ჯავახეთის მოსახლეობისთვის ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაა. ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია 2013 წელს მიღებული კანონის გამო იმ ათასობით ადამიანის პრობლემის შესწავლას ითხოვს, რომელიც ადგილობრივებს შეექმნათ.

ჯავახეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული და დღემდე გადაუჭრელი პრობლემა 2013 წელს გაჩნდა. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს მაშინ არავინ განუმარტა კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელის აზრით, მიღებული კანონის გამო პრობლემა რეგიონში მაცხოვრებელი შრომისუნარიანი ხალხის მინიმუმ 30%-ს შეექმნა. მოქალაქეობის არქონის გამო, ზუსტად რამდენი ადამიანი დარჩა მოქალაქეობის გარეშე, ამის კონკრეტული მონაცემი არ არსებობს, თუმცა ჯავახეთში ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 3-დან 28 ათასამდე მერყეობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათემო ორგანიზაციის წერილში ვკითხულობთ, რომ ეს ადამიანები ,,ვერ მონაწილეობენ არჩევნებში; ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მძიმე ტვირთად აწვებათ; არ შეუძლიათ მონაწილეობა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში; ვერ იღებენ სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო პენსიას“.

ორგანიზაციის თავმჯდომარის ჰარუთ მალხასიანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური წერილი საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველის ოფისს, 5 იანვარს გაუგზავნეს. ერთადერთი პასუხი, რაც ორივე უწყებიდან ამ დრომდე მიიღეს, ის არის, რომ წერილი ადრესატებს ჩაბარდა.

ვინ სარგებლობს კანონით?

წლების წინ დაკარგული მოქალაქეობის აღდგენის დაპირება ჯავახეთის მოსახლეობამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიისგან მიიღო. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, სალომე ზურაბიშვილმა, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების პირობით, 1 700 -ზე მეტი პირის საბუთები ჩაიბარა. ამასთან დაკავშირებით ჯავახეთში პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ სამველ პეტროსიანმა მეცხრე არხთან ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში ისაუბრა.

,,კანონის მიღების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა სალომე ზურაბიშვილს ირჩევდნენ, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის (იგულისხმება ენზელ მკოიანი) მხრიდან ხელისუფლების სახელით ოფიციალური განცხადება გაკეთდა - თუ ჯავახეთის მოსახლეობა არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცემდა, კონკრეტულად განსაზღვრულ მოკლე დროში, ყველას მიცემდნენ ორმაგ მოქალაქეობას. დეპუტატმა ხალხთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იმ დროისათვის სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე 1700 განცხადება ედო, თუმცა სამწუხაროდ, არჩევნების დასრულების შემდეგ ეს საკითხი ისევ გადაუწყვეტელი დარჩა. მთელს მსოფლიოში არსებობს კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. აქ რატომ არ უნდა იყოს?! პრობლემას ვერ ვხედავ, საჭიროა მხოლოდ სურვილი. თუ ხალხი მასობრივად რჩება მოქალაქეობის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ კანონში ნაკლოვანებებია“ - აცხადებდა სამველ პეტროსიანი.

პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს“ ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელის აზრით, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილებს ბევრი პრობლემა შეექმნათ. არსენ კარაპეტიანის თქმით, ადგილობრივები დარჩნენ სამედიცინო დახმარებისა და სერვისების მიწოდების გარეშე, გარდა ამისა, ,,მექანიზმი რჩება ისევ, რათა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და საკუთარი მოქალაქეები აშანტაჟოს საარჩევნოდ ხმების მისაღებად. ის ხალხი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მუდმივი წნეხის ქვეშაა. მერვე წელია არ იციან რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული მათ მიმართ - გააძევებენ, ერთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას ჩამოართმევენ თუ რა... ვითარება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ რთულდება, ამიტომ ხალხის ეს კატეგორია მუდმივად ხდება ქართული ოცნების აქტივისტი. ამაზე დიდი პრობლემა მგონი არც კოვიდია და არც სხვა რამე, რადგან მთავარი კონსტიტუციის თავისუფლებაა“.
საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, ეთნიკური სომხების ნაწილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა - საქართველოსთან ერთად სომხეთის ან რუსეთის. ისინი სამუშაოდ ამ ქვეყნებში დადიოდნენ და ორმაგი მოქალაქეობით მიმოსვლა უადვილდებოდათ. საქართველოს მოქალაქეები რომ აღარ იყვნენ, 3000-მდე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა, გამშვებ პუნქტებზე, საბუთების შემოწმებისას გაიგო.

მეორე ნაწილმა კი 2013 წლის ივნისის დასაწყისში, იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შეტყობინებები მიიღო. ერთ-ერთი ასეთი, საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა სოფელ ჟდანოვში მცხოვრები კამო სიმონიანია. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წერილი ოჯახმა მაშინ მიიღო, როცა ის სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა.

„64 წელია საქართველოში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველაზე საწყენი ის არის, რომ მარტო ფურცელს აქცევენ ყურადღებას, ადამიანურ გრძნობებს კი არავინ. ამ ხნის კაცი ვარ და ქართულს ახლა როგორ-ღა ვისწავლი, ძალიან ძნელია შევეგუო იმას, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ“.

კამო სიმონიანს, ისევე როგორც ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობას, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ადგილობრივებს ეს ფაქტი საშუალებას აძლევდა, სეზონურ სამუშაოზე რუსეთში წასულიყვნენ. მარტო ჟდანოვიდან, 2013 წელს, კანონში შესული ცვლილების გამო 25-მდე მათგანმა საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა. სახელმწიფო კამო სიმონიანსა და ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ქართული ენის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სთავაზობს. კამო გამოცდაზე ორჯერ გავიდა და ორჯერვე ჩაიჭრა.

რას ითვალისწინებს კანონი?

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება 2017 წლიდან ისევ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ერთი პირობით - საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელს, კანონი ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას ავალდებულებს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებას - ევროპული საქართველოს ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოცდის ჩაბარება სახელმწიფომ რიგითი ადამიანებისგან მაშინ უნდა მოითხოვოს, ,,როდესაც მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატი ჩააბარებს გამოცდას და რაღაც დონეზე გაიაზრებს რა არის სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა, საქართველოს კონსტიტუციას წაიკითხავს სახელმწიფო ენაზე, მაშინ მოსთხოვონ ჩვენ მოსახლეობას გამოცდის ჩაბარება, ეს იქნება სამართლიანი“.

არსენ კარაპეტიანი იმ საკითხზეც საუბრობს, როდესაც მიღებული კანონის შედეგად მოქალაქეობა ჩამორთმეულ მოსახლეობის ბინადრობის უფლება მიანიჭეს. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილებაც არასამართლიანია, რადგან ,,თუკი ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მათ დაუმალეს რომ იყვნენ მეორე ქვეყნის მოქალაქეებიც, მაშინ ბინადრობის მინიჭებით როგორ მოხდა ამის ,,გაპრავება“. გამოდის, ორმაგი სტანდარტი მოქმედებს - თავისიანი ხარ ,,გაგიპრავებენ“, არ ხარ და პრობლემას შეგიქმნიან“.

ჯავახეთის მოსახლეობა გამოსავალს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის გამარტივებაში ხედავს. ახალციხის, სოფელ ჯულღის მაცხოვრებელი გევორქ მარქარიანი ფიქრობს, რომ საკითხის დარეგულირება ქვეყნიდან გასული ახალგაზრდების უკან დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

„ორმაგი მოქალაქეობა რომ გვქონოდა, შესაძლებელია ჩვენი თანასოფლელები საქართველოშივე დარჩენილიყვნენ“ - წუხს გევორქ მარქარიანი.

,,ძალიან ბევრი მსურველია, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს. ჩვენ ამ პრობლემაზე ვერაფერს ვიზამთ, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. საქართველოს ბრალი არ არის, რუსეთის ბრალია, რომ ვიზას ითხოვენ“, - ამატებს ჯულღას მკვიდრი ბენიამინ დურგალიანი.

2018 წელს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს მოქალაქეობის ფლობასთან ერთად მოიპოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა (რასაც ითვალისწინებდა ძველი კანონის რედაქცია).

რატომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ჯავახეთში?

როდესაც სომხეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო, ჯავახეთის მოსახლეობამ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ განცხადებები შეიტანა. მათთვის ეს რუსეთში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა იყო.

ახლა, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ვერც ჯანდაცვის უფასო ან შეღავათიანი სერვისებით სარგებლობენ, ვერც იუსტიციის სახლის მომსახურებითა და ვერც ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო თუ ბიზნეს პროგრამებით.

საქართველოს პარლამენტის წევრი ჯავახეთიდან სამველ მანუკიანი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის მოქალაქეობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია. მთავარ პრობლემას ის სახელმწიფო ენის არცოდნაში ხედავს.

,,ყოველ დღე ვხვდები მოსახლეობას და თითქმის ყველა სოფელში მიწევს ამ თემაზე საუბარი. სამწუხაროდ, მათთვის პასუხი არ მაქვს, რადგან ეს მარტივი მოსაგვარებელი არ არის“ - ირწმუნება სამველ მანუკიანი.

ჯავახეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარგად იცის, რომ სახელმწიფო ენის სწავლა ზრდასრული მოსახლეობისთვის პრობლემაა. სახელმწიფო ენაზე საუბარი თავადაც უჭირს, თუმცა საკითხის ლობირებას გეგმავს.

,,როდესაც კანონში ცვლილება შევიდა, მაშინ ორმაგი მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 80%-მა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და თუ არ ვცდები, ითქვა, რომ ციფრებში ეს 28 ათასს აღწევდა. მათი ნახევარი ალბათ ჯავახეთის მოსახლეობა იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა სახელმწიფო ენაზე ისაუბროს საქართველოს ყველა მოქალაქემ, მაგრამ იცით, რომ ახალქალაქი ჩაკეტილი ქალაქია, აქ წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რუსული ბაზა, დღემდეა რუსული სკოლები და მოსახლეობას სახელმწიფო ენაზე თითქმის არავისთან უწევს საუბარი. გამოსავალი, ვფიქრობ გამოცდების საკითხის გამარტივებაშია“ - აცხადებს სამველ მანუკიანი.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის პიროვნებამ უნდა დაწეროს განცხადება პრეზიდენტის სახელზე იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით. გადასახდელი 250 ლარია.

შემდეგი ნაბიჯი გამოცდის ჩაბარებაა. აპლიკანტს სამართლის საფუძვლების, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის ზოგადი ცოდნა მოეთხოვება. ტესტები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. თითოეულში საშუალოდ, 200 კითხვაა.

,,ჯავახეთში მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით სერვის-ცენტრს თავიდან ბევრი მიმართავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქართულ ენაზე გამოცდის ჩაბარება იყო საჭირო, განცხადებას აღარ წერენ. ძირითადად ყველას ერთი პრობლემა აქვს - ენის არცოდნა“ - აღნიშნავენ ადგილობრივები.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კოდექსის თანახმად, თუკი პიროვნებამ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, შეუძლია წლის ბოლომდე აღდგენის შესახებ განცხადება შეიტანოს. თუკი პირმა უკვე მიიღო უარყოფითი პასუხი, ერთი წელი უნდა მოიცადოს, რათა კვლავ შეიტანოს განაცხადი. რაც შეეხება ქართული ენის ტესტს, კანონით ისიც სავალდებულოა; გამოცდის ჩაბარებიდან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N100 წარადგინა იმის შესახებ, რომ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ წარდგება გამოცდაზე და არ შეუძლია წერა. ეს დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განიხილება, შემდეგ გაიგზავნება პრეზიდენტთან.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას გამონაკლისის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.