2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამცხე–ჯავახეთში 219 უბანი გაიხსნება. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 498 559–ს შეადგენს, მათგან 142 990 სამცხე–ჯავახეთშია.
ამომრჩეველი ხმას ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე აძლევს, მათ შორის არის 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი. 9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.
სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.
სამცხე ჯავახეთში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით:
N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში 26 642 ამომრჩეველია, მათგან 14 273 ქალია, 12 369 – კაცი.
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქი – 33 772 ამომრჩეველი, მათ შორის 17 890 ქალი, 15 882 – კაცი.
N38 ადიგენის საარჩევნო ოლქი –15 613 ამომრჩეველი, მათ შორის 7 795 ქალი, 7 818 –კაცი.
N39 ასპინძის საარჩევნო ოლქი – 9 809 ამომრჩეველი, მათ შორის 4 978 ქალი, 4 831 – კაცი.
N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქი – 36 825 ამომრჩეველი, მათ შორის 20 553 ქალი, 16 272 – კაცი.
N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – 20 329 ამომრჩეველი, მათ შორის 10 877 ქალი, 9 452 – კაცი.
კენჭისყრის შენობა 20 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.
ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.
თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.