დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ სამ საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველი.
|