ხმაური იყო ახალციხის მესამე საარჩევნო უბანზე. სიტუაციის განსამუხტად სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო უბნიდან “ოცნების” წევრების მეორე სართულზე ასვლამ გამოიწვია.
“ნაციონალები” აცხადებენ, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ქართველიშვილი ირწმუნება, რომ ქალები საპირფარეშოში გავიდნენ, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს.
უბანზე იმყოფებოდა 37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. თეა გავაშელმა რეგისტრატორებს გაცემული ბიულეტენებისა და ამომრჩევლების რაოდენობა გადაათვლევინა, რომელიც ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად უბანზე საჩივარი არ დაწერილა.
მესამე უბანზე 1 279 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დღეს საკუთარი პოზიცია 722-მა მოქალაქემ დააფიქსირა. აქედან 379 ქალი და 343 მამაკაცია.
ავტორები: თიკო კურტანიძე, დავით ჯვარიძე.
|