ცესკო საოლქო კომისიებში დროებით წევრებს აირჩევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს.
ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ საბუთები მატერიალური სახით წარედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. კონკურსანტთა უმრავლესობამ ისარგებლა ცესკოს ამ სერვისით და რეგისტრაციისთვის სწორედ ელექტრონული პლატფორმა გამოიყენა.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.