ცესკოში პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 27 პარტიაა რეგისტრირებული.
"პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი. ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.
რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია" - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.